ბათუმის “დინამო” “იაგელონიასთან” განადგურდა
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერც ბათუმის “დინამომ” მოახერხა. კონსტანტინ ფროლოვის გუნდს ბელოსტოკის “იაგელონიასთან” ქუთაისში გამართული პირველი შეხვედრა ანგარიშით 0:1 ჰქონდა დათმობილი, ხოლო საპასუხო მატჩში 0:4 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი პოლონელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი მიეცათ, მათ შორის ბათუმელთა შეცდომის გამოც. პირველ ტაიმში “დინამოელთა” ცენტრფორვარდმა იაროსლავ კვასოვმა თავური დარტყმით გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა სამართლიანად თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია.
მატჩის მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და 58-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა: კუთხურიდან მოწოდების შემდეგ თავით ტომელინმა დაარტყა და გაიტანა – 1:0.
75-ე წუთზე ბათუმელთა ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა: თორნიკე თარხნიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “დინამო” მოედანზე ათი კაცით დარჩა. ხუთ წუთში ფედორ ჩერნიხი იოლად გაცდა დავით კვირკველიას და მეკარე ანატოლი ტიმოფეევს ბურთი თავზე გადაუგდო – 2:0. მასპინძლებმა 88-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს: გოლი ამჯერადაც კუთხურს მოყვა, ბურთი კი რუნიემ გაიტანა, თუმცა პოლონელებმა ეს არ იკმარეს და კომპენსირებულ დროში მეოთხე ბურთიც გაიტანეს: ბორის მახარაძემ უწყინარ სიტუაციაში ელემენტარული შეცდომა დაუშვა, რითაც სეკულსკიმ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.
ევროპის ლიგა
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
“იაგელონია” — ბათუმის “დინამო” 4:0 (ორი მატჩის ჯამში 5:0)
გოლები: ტომელინი 58′, ჩერნიხი 81′, რუნიე 88′, სეკულსკი 90+3′.