ქართველი კარატისტების ისტორიული შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე (ვიდეო)
6 ივლისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უმასპინძლეს მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კონტაქტური კარატეს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს პირველობაზე ისტორიული შედეგი აჩვენა – ანდრეი ზინჩენკომ (65 კგ) ვერცხლის და მიხეილ წიკლაურმა (75 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მინისტრმა კარატისტებს მსოფლოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება და 2020 წელს თბლისში ევროპირველობის მასპინძლობის უფლების მიღება მიულოცა. კომპანია “სკაიტელის” ხელმძღვანელობამ კი საქართველოს ნაკრებს სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით 2000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. 1-2 ივლისს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, კონტაქტურ კარატეში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობის უფლება პლანეტის უძლიერეს, მხოლოდ ლიცენზია მოპოვებულ სპორტსმენებს აქვთ.
მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ქალებსა და კაცებს შორის 4-4 წონით კატეგორიაში ჩატარდა, მსოფლიოს კარატეს ორგანიზაციის წევრი 94 ქვეყნიდან, 40 ქვეყნის 192 ლიცენზირებულ სპორტსმენს მასპინძლობდა. ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 4 სპორტსმენი: ანდრეი ზინჩენკო (-65კგ) მიხეილ წიკლაური (-75კგ) თენგიზ ბასტოიანი (75კგ) და ლევან ვერულიძე (-85კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს 1/16 და 1/8 ფინალები, ხოლო მეორე დღეს მე-1/4; 1/2 და ფინალური ორთაბრძოლები ჩატარდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, ევროპის ორგზის ჩემპიონებმა ანდრეი ზინჩენკომ (2014; 2016) და მიხეილ წიკლაურმა (2009; 2011) ქართული კონტაქტური კარატეს ისტორიაში, უდიდეს შედეგს მიაღწიეს და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქართველები გახდნენ, ვინც მედლები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
ზინჩენკო ვერცხლის, ხოლო წიკლაური ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ანდრეი ზინჩენკომ 4 ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო მათ შორის 2 იაპონელ სპორტსმენთან და ფინალში გავიდა, სადაც ასევე იაპონელ მებრძოლ, აზიის და იაპონიის მრავალგზის ჩემპიონ ოკაზაკისთან, თანაბარ და უკომპრომისო თანაბარ ბრძოლაში, ბოლო დამატებით რაუნდში, მსაჯების გადაწყვეტილებით (5 მსაჯიდან 3/2 -ზე) დამარცხდა, თუმცა მთელი დარბაზის და დელეგაციების სიმპათია დაიმსახურა.
ანდრეი ზინჩენკომ მის მრავალფეროვან მედლების კოლექციას, პირველად შემატა მსოფლიო ჩემპიონატის, ამჯერად ვერცხლის მედალი. რაც შეეხება მეორე მედალოსანს, მიხეილ წიკლაურს (-75კგ), რომელიც წლებია უკვე ევროპის ჩემპიონატებიდან თითქმის უმედლოდ არ ბრუნდება. იგი ევროპის და მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ სალაჰატ ჰასანოვთან ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამრიგად, საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოში მე-4 ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ჩემპიონატები აბსოლუტურ წონით კატეგორიაში 1975 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატებში 1991 წლიდან ჩაერთო (რომელიც ტრადიციულად მხოლოდ ტოკიოში ტარდება) და აქამდე მხოლოდ 4 სპორტსმენმა შეძლო საუკეთესო 32-ში შესვლა: (ანზორ ჩუბინიძე-1996; ემზარ ნიქაცაძე-2003; ედუარდ ჯანოაშვილი-2007 და ანდრეი ზინჩენკო-2015).
მსოფლიო ჩემპიონატები წონით კატეგორიებში 1997 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მხოლოდ ლიცენზია მოპოვებული სპორტსმენები ასპარეზობენ, სადაც დღემდე ქართველ სპორტსმენთაგან საპრიზოზე არავინ გასულა. მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, მსოფლიოს კარატეს ორგანიზაციის გენერალური ასსაბლეა გაიმართა. ერთ-ერთი საკითხი 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის საკითხიც იყო, სადაც ერთმანეთს პოლონეთისა და ბრაზილიის დედაქალაქები ეჯიბრებოდნენ.
მასპინძლობის უფლება ვარშავამ მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს 14-15 მაისს საქართველოში პირველად გამართულმა ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც თბილისში ჩატარდა უმაღლესი შეფასება მიიღო, რამაც განაპირობა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, ევროპის ჩემპიონატს კვლავ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქმა, თბილისმა უმასპინძლოს. როგორც უკვე ცნობილია კარატე ტოკიოს 2020 წელს ოლიმპიურ თამაშების პროგრამაშია შეტანილი, რაც კარატეს უდაოდ დიდი წარმატებაა, ხოლო კონტაქტური კარატე სადემონსტრაციო გამოსვლით და საჩვენებელი შეჯიბრებით წარდგება იაპონიაში, რაც უდაოდ მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისათვის.
სამინისტროს პრესსამსახური