ლევან კობიაშვილი: “გელოდებით “მესხზე”
19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ხვალ ჩეხეთთან გადამწყვეტი შეხვედრა ელის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.
“ჩემო მეგობრებო, ფეხბურთის გულშემატკივრებო, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უეფას 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში უკვე დაამარცხა შვედეთის ნაკრები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას და მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის და ყველა გულშემატკივარს მოსვლისთვის, მხარდაჭერისთვის.
მე ზუსტად ვიცი, რა ძალა აქვს ქართველ გულშემატკივარს. რამხელა მოტივაციაა ყველა ფეხბურთელისთვის სავსე სტადიონი, რამხელა ემოციაა, როდესაც მინდორზე გამოსვლისას “საქართველო” გესმის! ისიც ვიცი, რომ ქართველ გულშემატკივარს ძალიან უყვარს ფეხბურთი, ამიტომ ყველას, ვისაც გინდათ, რომ ჩეხეთთან გადამწყვეტი მატჩის წინ ჩვენმა ბიჭებმა ჩვენი მხარდაჭერა იგრძნონ, გელოდებით მესხზე, ხვალ, 8 ივლისს!
მე მჯერა, რომ მომავალი ამ ბიჭებისაა, თქვენია და მომავალიჩვენია”, – დაწერა სოციალურ ქსელში კობიაშვილმა.
მატჩი 8 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.