გიორგი ყიფიანი: “ჩეხეთის ნაკრები საქართველოზე ძლიერი არ არის”
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა ჩეხეთთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რთულ მატჩს ველოდით, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. სიტუაცია გაართულა იმან, რომ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გოლი გავუშვით. პირველი ნახევარი ჩეხების უპირატესობით წარიმართა, რაც ჩვენს მიერ დაგეგმილ სტრატეგიას ეწინააღმდეგებოდა. უნდა ჩავთვალოთ, რომ პირველი ნახევარი ჩაგვივარდა.
მეორე ტაიმში მოედანზე უფრო მობილიზირებულები გამოვედით. 25 წუთი რჩებოდა მატჩის დასრულებამდე, როცა მეორე გოლი გავუშვით, რამაც სიტუაციაა გაართულა. ჩეხეთის ნაკრებმა გვაჯობა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.
რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცოდი, რომ მეტოქე ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების განეიტრალებაზე გააკეთებდა აქცენტს. მეორე ვარიანტი გვქონდა, რომელიც პირველ ტაიმში არ გამოგვივიდა. მწვრთნელები ყოველთვის აკეთებენ დასკვნებს. ვერ ვიტყვი, რომ არაბიძე და ჩაკვეტაძე ბოლომდე გამოთიშეს თამაშს, თუმცა გუნდურად თამაში უფრო გვიჭირდა. წინა მატჩებში სტანდარტული მდგომარეობიდან ჩვენს კართან საფრთხე არ იქმნებოდა. კონცენტრაცია დავკარგეთ, რის გამოც დავისაჯეთ.
მე ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთი საქართველოს ნაკრებზე ძლიერია, მე ვიტყვი იმას, რომ მეტოქემ დღეს უკეთესად ითამაშა. ჩვენივე შეცდომებით, ჩეხებს დაწინარაუბის უფლება მივეცით. ვერ ვიტყვი, რომ ჩეხებმა თავისი სტილი თავს მოგვახვიეს. ბიჭები გაფრთხილებული მყავდა, რომ საჰაერო ორთაბრძოლები ხშირად იქნებოდა. ფეხბურთელებს თამაშის დასრულების შემდეგ ვუთხარი, რომ მათ სამომავლოდ შეუძლიათ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებას მიაღწიონ.
მინდა, გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ვმარცხდებოდით, ტრიბუნა სავსე იყო. მათ ბოდიშს ვუხდი, რადგან სათამაშო ხარისხით მაღალ დონეზე არ ვიყავით.
ჩვენი პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იყო, გეგმა ვერ შევასრულეთ. სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მიზანი ვერ შევასრულეთ. გულშემატკივარს მადლობად ვუხდი და მათ ვეტყვი, რომ ბიჭების გვერდში თანადგომა განაგრძეთ. თქვენ არ იცით, როგორი ატმოსფერო სუფევდა გუნდში. დღეს გასახდელში ბევრი ცრემლი იყო. ბიჭები მარცხს ძალიან განიცდიან. ისინი მომავალში ქართველ გულშემატკივრებს გაახარებენ.
განვილ ორ მატჩში ჩვენს წინააღმდეგ ბევრი კუთხური ჩააწოდეს, თუმცა თავს კარგად ვიცავდი. ჩეხებთანაც არაფერი შეგვიცვლია. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგის მოქმედებას, პირველ ტაიმში რამდენიმე აფეთქება სწორედ ამ ფლანგზე გვქონდა. ალბათ, ფიზიკურმა მომზადებამ გარკვეული დაღი დაასვა თამაშს. სათამაშო დისციპლინის დარღვევა, შესაძლოა, კონცენტრაციის დაკარგვის გამო მოხდეს და არა – გულგრილობის.
ნაკრებში ფეხბურთელის ფიზიკურად მომზადება რთულია. ამ კუთხით დახმარება მხოლოდ აღდგენის საშუალებებით შეგვეძლო, რაც ნამდვილად მაღალ დონეზე იყო. რა თქმა უნდა, უკეთესი კონდიციით რომ შევხვედროდით დღევანდელ თამაშს, სხვა სურათი გვექნებოდა.
ჩვენთვის ყველაზე ცუდი დროის უკმარისობაა. ჩემი მხრიდან შეცდომები დაშვებული იყო, ამას არ ვუარყოფ, თუმცა არაფერი დაგვიშურებია იმისათვის, რომ რაღაცამდე მიგვეყვანა საქმე.”