მეივეზერი VS მაკგრეგორი: ლოს ანჯელესში პრესკონფერენცია გაიმართა
ფლოიდ მეივეზერისა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირებამდე, რომელიც 26 აგვისტოს უნდა გაიმართოს, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. კრივისა და MMA-ს გამორჩეული სპორტსმენები 11 ივლისს ერთმანეთს ლოს ანჯელესში შეხვდნენ, სადაც პრესკონფერენცია ჩატარდა.
ტრადიციულად, პრესკონფერენციაზე აქტიური იყო კონორ მაკგრეგორი, რომელიც მეტოქის წყობიდან გამოყვანას ცდილობდა. ირლანდიელი მოჩხუბარის საწინააღმდეგოდ სიტყვები არც მეივეზერს დაუკლია.
მაკგრეოგრმა მეივეზერის ასაკზე იხუმრა და საუბრისას მამამისს, უფროს ფლოიდ მეივეზერს მიმართა, რომელიც ასევე, მოკრივე იყო: “შენს ბიჭს დავაძინებ, რა დროსაც ის თავს კარგად იგრძნობს. როცა გაიღვიძებს, უკეთესი ადამიანი იქნება.”
თავად მეივეზერმა კი განაცხადა, რომ მას მოტივაციისათვის მეტოქე არ სჭირდება: “მოტივაციისათვის მეტოქე არ მჭირდება, რადგან თავადაც შემიძლია მოტივაციის ამაღლება. ხალხი იმას ნახავს, რაც სურს.”
მეივეზერი-მაკგრეგორის დაპირისპირება ლას ვეგასში გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 500-დან 10 000 დოლარამდე მერყეობს.