ცხადაძე: “ყველაფერი მომავალ შეხვედრაში გადაწყდება”
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ალმათის “ქაირათმა”, რომელსაც ქართველი სპეციალისტი, კახა ცხადაძე წვრთნის, კორჩას (ალბანეთი) “სკენდერბეუ” მიიღო და ფრე (1:1) გააგორა.
მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“პირველ ტაიმში პოზიციურად კარგად ვერ ვუტევდით. მეორე ნახევარში კი ბევრი შანსი შეგვექმნა, თუმცა ვერცერთის გამოყენება შევძელით. ამ მომენტებს რეალიზება უნდა! ჩვენ აქეთ მივიღეთ გოლი. გაშვებული ბურთის მომენტში ჩემმა ფეხბურთელებმა ერთმანეთში კომუნიკაცია დაკარგეს, შეთანხმებულად ვერ იმოქმედეს და შედეგიც მივიღეთ.”
“იმედი მაქვს, განმეორებითი შეხვედრისთვის ტრავმირებული მოთამაშეები, ჟუკოვი და ილიჩევიჩი გამოჯანმრთელდებიან. სწორედ ალბანეთში გაირკვევა ყველაფერი. კარგად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი რეალური ძალა ვაჩვენოთ,” – განაცხადა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 20 ივლისს, ალბანეთში გაიმართება.