დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 ივლისი
ლემარს “არსენალში” უნდა
საფრანგეთის ჩემპიონის, “მონაკოს” რიგებში მოთამაშე ტომას ლემარს კლუბის დატოვება სურს. Daily Star-ის ცნობით, ლემარმა არჩევანი კარიერის ლონდონის “არსენალში” გაგრძელებაზე გააკეთა.
“მეთოფეები” კი მზად არიან ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერში 45 მილიონი ფუნტი დააბანდონ.
სტარიჯმა ჩინეთში გადასვლაზე უარი განაცხადა
Sunday People-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ჩინეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, “ბეიჟინ გოანმა” დანიელ სტარიჯს საკმაოდ მსუყე წინადადებით მიმართა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ჩინურ კლუბს სათავეში როჯერ შმიდტი უდგას და სწორედ ის ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე.
“მანჩესტერ იუნაიტედი” დე ხეას სანაცვლოდ კროოსს ითხოვს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალს” ულტიმატუმს უყენებს. როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი სპეციალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს დე ხეას კლუბიდან წასვლის უფლებას, თუ მის ნაცვლად ტონი კროოსს მიიღებს.
პერიშიჩმა “ინტერის” ბანაკი დატოვა
იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივან პერიშიჩმა “ინტერის” ბანაკი გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა, რისი მიზეზიც შესაძლოა, მასსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობა იყოს.
როგორც იცით, “წითელი ეშმაკები” საკმაოდ სერიოზულად არიან დაინტერესებულები “ვოლფსბურგის” ყოფილი შემტევის ტრანსფერით და მზად არიან “ნერაძურის” 45 მილიონი ევრო გადაუხადონ.
“მილანს” მოდრიჩიც მოუნდა
Calciomercato-ს ცნობით, “მილანის” ხელმძღვანელები ლეონარდო ბონუჩის გადაბირების შემდეგ, მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის ტრანსფერზე გადაერთვნენ.
როგორც ცნობილი ხდება, მოდრიჩი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გულშემატკივრობდა სერია A-ს გიგანტს და მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის საგზურის არქონისა, მაინც დიდია შანსი მან კარიერა “სან სიროზე” გააგრძელოს.