გიორგი ჩოჩიშვილით “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეკარით, გიორგი ჩოჩიშვილით “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა. ეს ინფორმაცია ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველ არხს დაუდასტურა.
როგორც იცით, ივლისში საქართველოში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირს ბევრი ცნობილი კლუბის სკაუტი ესწრებოდა.
“სულ 7 უცხოური კლუბი დაინტერესდა, ინგლისში „მანჩესტერ სიტი“, გერმანიაში – დიუსელდორფის „ფორტუნა“, ესპანეთში კი გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი „სარაგოსა“. ევროპის ჩემპიონატს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა და ეს ვარიანტები სწორედ ამ დროს გამოჩნდა. იმედია, რომ მალე კონტრაქტს გავაფორმებ და შემდეგ კვირას ახალ გუნდში ვივარჯიშებ”, – ციტირებს ჩოჩიშვილის სიტყვებს 1TV.GE.
ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის შრომის სამინისტრო სამუშაო ვიზას მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე გასცემს, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩების 75 პროცენტი აქვთ ნათამაშები. ასევე, ვიზა არ გაიცემა იმ ქვეყნის მოთამაშეებზე, რომელთა ნაკრებიც ფიფას რეიტინგში 70-ეზე დაბალ ადგილზეა, საქართველოს ნაკრები კი რეიტინგში 112-ე პოზიციას იკავებს.
“ამ საკითხით მეც დავინტერესდი და მითხრეს, რომ ინგლისელებს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებზე განსხვავებული მიდგომები აქვთ. ასე რომ, მიწვევის შემთხვევაში, სამუშაო ვიზის აღება პრობლემა არ უნდა იყოს”, – განაცხადა ჩოჩიშვილმა.
ჩოჩიშვილი “საბურთალოს” გაზრდილია, მან გასული სეზონი იჯარით “შევარდენი 1906”-ში გაატარა. ამჟამად 19 წლის მეკარე თავისუფალი აგენტია.
მომზადებულია 1TV.GE-ს მიხედვით