დემეტრაძე “რეალ სოსიედადის” ყველაზე ცუდ ტრანსფერად დასახელდა
ესპანური “მარკას” ვებგვერდზე მოწყობილი გამოკითხვის მიზანია, “რეალ სოსიედადის” ბოლო წლების ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერის გამოვლენა. აღნიშნულ გამოკითხვაში ქართველი თავდამსხმელი გიორგი დემეტყრაძე ლიდერობს, რომელიც ბასკურ გუნდში კიევის “დინამოდან” 2001 წელს გადავიდა.
“გუნდმა დემეტრაძე 800 მილიონ პესეტად შეიძინა. ის სან სებასტიანში ბარგის გარეშე ჩამოვიდა, რის გამოც რამდენიმე დღე ერთი და იგივე სამოსით დადიოდა. ორი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა. გარდა ამისა, მას ზედმეტი წონა ჰქონდა, რაც “სარაგოსასთან” გამართულ მატჩში კარგად გამოჩნდა, როდესაც ის მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა და 75-ე წუთზე გამოცვალეს.
დემეტრაძემ სუპერსწრაფი შეცვლიდან ათი დღის შემდეგ მარჯვენა მუხლის მენისკი გაიგლიჯა, რასაც დაემატა უიშვიათესი პრობლემა – იმავე მუხლის მიდამოში წარმოიქმნა ბეიკერის კისტა. დემეტრაძე ოთხი თვის განმავლობაში მკურნალობდა და “სოსიედადში” სრულყოფილად თამაში ვეღარ შეძლო.
დემეტრაძე ჯერ მოსკოვის “ლოკომოტივში”, შემდეგ კი ვლადიკავკაზის “ალანიაში” გაანათხოვრეს, 2003 წელს კი დონეცკის “მეტალურგს” გაცილებით ნაკლებ ფასში მიჰყიდეს, ვიდრე მის სანაცვლოდ გადახდილი 800 მილიონი პესეტა იყო”, – წერს “მარკა”.
გიორგი დემეტრაძემ “რეალ სოსიედადის” რიგებში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა.