“ვიტ ჯორჯია” ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრეს ახალი ფეხბურთელებით ხვდება
“ვიტ ჯორჯია” ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრეს ახალი მოთამაშეებით ხვდება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.
გუნდის ღირსებას დაიცავს 22 წლის ნახევარმცველი – ბექა კაკუშაძე, რომელიც სხვადასხვა დროს ქუთაისის “ტორპედოს”, “ზესტაფონისა” და წყალტუბოს “სამგურალის’ რიგებში ირჯებოდა. ბოლო ორი სეზონი კი საფეხბურთო კლუბ “გაგრაში” გაატარა. იგი “ვიტ ჯორჯიაში” 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ასევე, აღნიშნული გუნდის რიგებში ჩაირიცხა 20 წლის გიორგი ვეკუა, რომელიც ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ. იგი სხვადასხვა დროს “დინამო თბილისისა” და “გაგრას” რიგებში ირიცხებოდა. გიორგიმ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ტყიბულის “მეშახტეში” გაატარა. გიორგი ვეკუა “ვიტ ჯორჯიაში” 13-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
“ვიტ ჯორჯია”ს მაისური მოირგო დავით დემეტრაძემ, 20 წლის ნახევარმცველი რუსეთში, იაროსლავლის “შინიკისა” და კრასნოგორსკის “ზორკიში” გამოდიოდა. მან მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ხობის “კოლხეთში” გაატარა. დავით დემეტრაძე “ვიტ ჯორჯიაში” 18-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ვეტერინართა რიგებში ჩაირიცხა 19 წლის გოლკიპერი, ნიკოლოზ ქავთარაძე, რომელმაც კარიერა “დინამო თბილისში” დაიწყო. უკანასკნელი ორი სეზონი კი საჩხერის “ჩიხურას” რიგებში გაატარა. ახალგაზრდა კიპერი ვიტ ჯორჯიაში 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ვიტ ჯორჯიას” ძირითად გუნდში დაწინაურდა ირაკლი ზარიძე, რომელიც ამპლუით თავდამსხმელი გახლავთ. მან კლუბთან გრძელვადიანი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. ირაკლი ზარიძე 14-ნომრიანი მაისურით შეუტევს.