ანალიზი: “ბარსელონას” ნეიმარი უფრო სჭირდება, თუ 222 მილიონი ევრო?
2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა: რომელუ ლუკაკუ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, ალვარო მორატა “ჩელსიში”, ხამესი “ბაიერნში” და ა.შ. მაგრამ ნეიმარს ყველანაირი პრობლემის გარეშე შეუძლია ყოველივე ეს დაჩრდილოს.
როგორც იცით, “ბარსელონას” სუპერვარსკვლავის გადაბირების სურვილს ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” გამოთქვამს. ფრანგები მზად არიან ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ “ბარსელონას” საბანკო ანგარიშზე 222 მილიონი ევრო გადარიცხონ.
ნეიმარს საკმაოდ ბევრი სპეციალისტი განიხილავს, როგორც მსოფლიოს რიგით მეორე საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც სამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს.
თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ამავე გუნდში ირიცხება მსოფლიოს ნომერ პირველი საუკეთესო ფეხბურთელი, ლეო მესიც. ბრაზილიელი მუდმივად მესის ჩრდილქვეშ იმყოფება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამის გამო ის საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას ვერ ახერხებს.
სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ნეიმარს “კამპ ნოუს” დატოვება უნდა. ბუნებრივია, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” მისი დაკარგვა არ სურთ, მაგრამ 222 მილიონ ევროზე უარის თქმა ძალიან რთულია.
თუ “პსჟ” თავის სურვილს აიხდენს, მაშინ “ბლაუგრანას” ეკონომიკური მდგომარეობა წარმოუდგენლად გაძლიერდება – ჯეკპოტი.
მიღებული 222 მილიონი ჯადოსნურ ჯოხს ჰგავს. კატალონიელებს ამ თანხით ბელერინის დამატება და დაცვის გაძლიერება შეუძლიათ, მსგავსად მარკო ვერატის ტრანსფერის განხორციელებისა. ნეიმარის შემცვლელად კი ისინი ან უსმან დემბელეს მოიყვანენ, ან პაულო დიბალას.
მთავარი კითხვა ისაა, ნეიმარი უფრო სჭირდება “ბარსელონას”, თუ 222 მილიონი ევრო?
სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები მომავალზეც უნდა დაფიქრდნენ. ალბათ, ყველა ხვდება, რომ ნეიმარის შენარჩუნება “ბარსელონასთვის” წარმატებული მომავლის გარანტიაა.
“ბარსელონაში” გატარებულ სამ სეზონში ნეიმარმა ყველას დაუმტკიცა, რომ გუნდის ლიდერობა შეუძლია.
რა ხდებოდა გასულ სეზონში? ნეიმარს მესის ქმედებებიდან უწევდა თავისი სვლების განხორციელება. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მარჯვენა ფლანგზე განწესებულ ლეო მესის ცენტრისკენ მოუნდებოდა შეწევა, მარცხენა ფრთაზე მყოფ ნეიმარს უკან უწევდა დახევა და გუნდი 4-3-3-დან 4-4-2 ტაქტიკაზე გადადიოდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასული სეზონებისგან განსხვავებით ნეიმარი დაცვაში უფრო მეტს აკეთებდა, მაგრამ შეტევაში მისი სარგებლიანობა შემცირდა. მიუხედავად ამისა, მან არც თუ ისე ცუდი შედეგები აჩვენა.
ნეიმარმა ლა ლიგის გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მისი ესპანეთში გამოჩენის შემდეგ. ბრაზილიელი ფეხბურთელი ყოველ 90 წუთში ერთ საგოლე გადაცემას აკეთებდა (კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი). 90 წუთში 0.4-ჯერ უქმნიდა მეტოქეს 100-პროცენტიან შანსს და 3.1 დრიბლინგს ასრულებდა იგივე დროში. გასულ სეზონებში მისი მაჩვენებელი 5.7 და 4.2 იყო.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, დაცვაში ის უფრო გამოსადეგი იყო. საშუალოდ 1.5 ართმევა თითო მატჩში და 0.3 ჩაჭრა.
გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ნეიმარის გავლენა “პარი სენ-ჟერმენთან” შემობრუნებულ ბრწყინვალე მატჩში, როდესაც ესპანელებმა სასწაული შეძლეს და 4-0 დამარცხების შემდეგ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით, 6-1 გაანადგურეს.
იმ თამაშში “ბარსელონას” ყველაზე მეტად ესაჭიროებადა დახმარება, თუმცა მესის არ აუღია თამაში საკუთარ თავზე, არც სუარესსა და ინიესტას. ეს ნეიმარმა შეძლო. ბრწყინვალე თამაშით, მეტოქის კარში გატანილი ორი გოლითა და გამარჯვების გოლის დროს სერხი რობერტოსთვის გაკეთებული საგოლე გადაცემით ნეიმარმა შეუძლებელი შეძლო.
“ბარსას” ნეიმარი სჭირდება, მეტად ვიდრე 222 მილიონი ევრო
მართალია, მესი ჯერჯერობით საუკეთესო თამაშს აჩვენებს და 30 წლის ასაკშიც ისევე გამოიყურება, როგორც წინა წლებში, მაგრამ ამან ნეიმარს წასვლა არ უნდა აიძულოს. ამ შემთხვევაში, კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა “ივაჟკაცოს” და დაარწმუნოს ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომ არგენტინელი გოლეადორის სამეფო მალე მის მფლობელობაში გადავა.
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” უნდა დაარწმუნონ 25 წლის შემტევი, რომ “ბარსელონაში” ყველაფრის მოგება შეუძლია, მათ შორის ინდივიდუალური ჯილდოებისიც. პრინცმა უბრალოდ მოთმინება უნდა იქონიოს.
ამ ასაკშიც, ნეიმარმა უკვე ძალიან ბევრს მიაღწია, მეტს ვიდრე სხვა ფეხბურთელები ოცნებობენ. “ბარსაში” გადასვლის შემდეგ, მან 186 მატჩში ითამაშა და 185 გოლში მიიღო მონაწილეობა (საგოლე გადაცემით, ან გოლით) და უკვე მოიპოვა ბრაზილიის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი 77 მატჩში გატანილი 52 გოლით.
მაგრამ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს. მართალია უფრო ნელა, მაგრამ ის კიდევ ვითარდება. ნეიმარი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ამაში თვითონაც უნდა დარწმუნდეს.
თუ საქმე ფულშია, “ბარსელონამ” კეთილი უნდა ინებოს და სეიფი გახსნას.
კონტრასტისთვის გეტყვით, რომ მესიმ ახლახან მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს, რომლის თანახმადაც წელიწადში 40 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით. ეს ნეიმარის ყოველწლიურ ხელფასზე ორჯერ უფრო მეტია.
თუ “ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ ადვილად შეძლებენ ნეიმარის შეცვლას, აშკარად ცდებიან.
ცხადია, რომ დიბალა და დემბელე უდიდესი ნიჭის მატარებელი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათგან განსხვავებით, ნეიმარი უკვე დამუშავებული პროდუქტია. ჯერ კიდევ საკითხავია შეძლებენ თუ არა დიბალა და დემბელე საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამომჟღავნებას.
შეიძლება, პრესა სიმართლეს ამბობს და ნეიმარი ცალი ფეხით პარიზშია, მაგრამ კატალონიელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მის გადასარწმუნებლად…