გია გრიგალავა მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს
ტულის “არსენალის” მცველმა გია გრიგალავამ რუსეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში ყაზანის “რუბინის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) ტრავმა მიიღო. მატჩის მე-11 წუთზე ქართველ ფეხბურთელს სახეში ჟონატასის მუხლი მოხვდა და ძლიერი სისხლდენა დაეწყო. გრიგალავამ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ქართველი მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუნდის ექიმმა ალექსანდრ რეზეპოვმა ისაუბრა.
“გია გრიგალავას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა და მარცხენა ღაწვის არეში გაგლეჯილი ჭრილობა აღენიშნება. ის მოედანს მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის ოპერაცია. მას, სავარაუდოდ, დამცავი ნიღბით მოუწევს თამაში. გიასთვის ეს სიტუაცია ადვილი არ არის, მაგრამ მას ესმის, რომ ფეხბურთი სპორტის კონტაქტური სახეობაა.
სამსაჯო კორპუსზეც მინდა კომენტარის გაკეთება. ამ საკითხში სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ როდესაც ფეხბურთელი ჭრილობას იღებს, დიდი რაოდენობით სისხლდენა ეწყება და შეცვლა აუცილებელი ხდება, მეტოქემ თუნდაც ყვითელი ბარათი უნდა მიიღოს”, – ციტირებს ტულის “არსენალის” ექიმის სიტყვებს “სპორტ-ექსპრესი”.