ნეიმარი “პსჟ”-ში წლიურად 30 მილიონ ევროს მიიღებს
ფრანგული პრესის ცნობით, “ბარსელონას” თავდამსხმელი პარიზში გაემგზავრა. ბრაზილიელი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში “პარი სენ-ჟერმენში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ნეიმარის გამოსასყიდი თანხა 222 მილიონ ევროს შეადგენს.
“სქაი სპორტსი” იუწყება, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” ჯამაგირის სახით წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
ნეიმარის შეძენის შემთხვევაში, “პარი სენ-ჟერმენი” ფინანსური ფეარ პლეის გასასწორებლად ვალდებული იქნება, 31 იანვრამდე სატრანსფერო ბაზარზე 110 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსელონაში” 2013 წლიდან თამაშობს. მან კატალონიური გუნდის შემადგენლობაში 186 მატჩი ჩაატარა, 105 გოლი გაიტანა და 80 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.