ჯანო ანანიძე: “ამჟამად ცუდ სიტუაციაში ვარ”
მოსკოვის “სპარტაკის” ქართველმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ, რომელსაც რუსული პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ოთხი მატჩიდან არცერთში არ მიუღია მონაწილეობა, საკუთარი მდგომარეობა შეაფასა.
– როგორ შეაფასებთ ამჟამინდელ სიტუაციას?
– “როგორ? სეზონის პირველ მატჩებში მონაწილეობა არ მიმიღია… მე კი თამაში მინდა. თუმცა, გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს და ჩვენც უნდა დავეთანხმოთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ამიტომაც, არა ასი, არამედ ასორმოცდაათი პროცენტით ვიხარჯები.
მე სხვა ტიპის მოთამაშე ვარ… საგოლე მომენტების შექმნა მევალება, უნდა ვიაქტიურო, მეტოქეებს ვაჯობო… არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა კი ფორმიდან მაგდებს. ასე რომ, ახლა საკმაოდ ცუდ სიტუაციაში ვარ. თამაშში შესვლა გამიჭირდება.”
– სეზონი ახლახან დაიწყო, შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს
– “მე მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როდესაც რეგულარულად ვთამაშობ. ის ფაქტი, რომ არ მოედანზე არ ვჩანვარ, ძალიან მოქმედებს ჩემზე.”
– ალბათ, უმჯობესია, თუ თამაშის შემდეგ არ შეგაწუხებენ
– “ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა ეს ძალიან კარგად იციან. მატჩის შემდეგ მხოლოდ მაშინ მირეკავენ, თუ კარგად ვითამაშებ. სხვა შემთხვევაში კი საუბრის არანაირი სურვილი არ მაქვს. მე ფეხბურთელი ვარ და ჩემთვის უმთავრესი სათამაშო პრაქტიკაა.”
– ზოგჯერ “ფეთქდებით”, მაგრამ მალე გადაგდით, არა?
– “უმეტეს შემთხვევაში ასეა. თუმცა, ყოფილა სიტუაციები, როდესაც ხშირად ვერ ვახერხებდი თამაშს და ორი-სამი დღე ისე დავდიოდი, ერთხელაც არ გამიღიმია. ასეთია ჩემი ცხოვრება, ფეხბურთის მიმართ მგრძნობიარე ვარ.”
– ახლობლებისთვის ალბათ რთულია
– “რაც მთავარია, ჩემს ცოლს ჩემი ესმის. როდესაც ცუდ ხასიათზე მივდივარ სახლში, გამარჯობას გამარჯობით მპასუხობს და არ ცდილობს ჩემს შეწუხებას. საწოლზე ვწვები და ფიქრს ვიწყებ. თუ ჩემს ქალიშვილს არ სძინავს, ჩემთან მოდის, მეხუტება და მეც მაშინვე “ვდნები”.
– წელს მეორე ქალიშვილიც შეგეძინათ. ახლა ორჯერ უფრო სწრაფად “დნებით”?
– “დიახ. რა თქმა უნდა, ეს დიდი ბედნიერებაა, ულამაზესი ბავშვია. მაგრამ, ვაჟი მინდა, ამიტომაც, სანამ ის არ დაიბადება, ჩემს ცოლს მშვიდი ცხოვრება არ ეღირსება (იცინის).”
– ადრე იწერებოდა, რომ საკმაოდ ადვილად იღებდით ტრავმებს…
– “ახლა ყველაფერი რიგზეა. სერიოზული ტრავმა მივიღე ფეხზე, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ორი წელი გავიდა და ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ.”