ორი ირანელი ფეხბურთელი ნაკრებიდან ებრაული კლუბის წინააღმდეგ თამაშის გამო მოკვეთეს
ირანის მთავრობამ საფეხბურთო ნაკრების ორი წევრი მასუდ შოჯაი და ეჰსან ჰაჯი საფი ნაკრებიდან მოკვეთა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ორივე ფეხბურთელმა 3 აგვისტოს ისრაელის ერთ-ერთი კლუბის, თელ-ავივის “მაკაბის” წინააღმდეგ ითამაშა.
შოჯაი და საფი ბერძნული “პანიონისის” ღირსებას იცავენ, მათ “მაკაბის” წინააღმდეგ თამაში ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწიათ.
ცნობილია, რომ ირანი ისრაელის სახელმწიფოს არ აღიარებს და ქვეყნის ყველა სპორტსმენს ებრაელი სპორტსმენების წინააღმდეგ ასპარეზობას უკრძალავს.
“მასუდ შოჯაისა და ეჰსან ჰაჯი საფის ირანის ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოიძახებენ, რადგან მათ წითელი ხაზი გადაკვეთეს”, – განაცხადა ირანის სპორტის მინისტრმა მოჰამად რეზა დავარზანიმ.
შოჯაი ირანის ნაკრების კაპიტანი იყო, მას ქვეყნის პირველ გუნდში 70 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. რაც შეეხება ჰაჯი საფის – მას ნაკრებში 84 შეხვედრა აქვს მოგროვებული.