დიეგო კოშტა: “კონტეს, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ”
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ განაცხადა, რომ კლუბი მას როგორც კრიმინალს ისე მოექცა, ამიტომ მას “ატლეტიკოში” წასვლა სურს.
“პირველი გუნდის გასახდელში შესვლის უფლებასა და თანაგუნდელებთან ურთიერთობის უფლებას არ მაძლევდნენ. ვფიქრობ, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გუნდისათვის გავაკეთე, ამას არ ვიმსახურებდი. მე კრიმინალი არ ვარ! მათ უნდათ, რომ სარეზერვო გუნდთან ერთად ვივარჯიშო, თუმცა ამას არ ვაპირებ. თუ ჩემი დაჯარიმება სურთ, დამაჯარიმონ.
თუ “ჩელსი” დამაჯარიმებს და ხელფასს არ გადამიხდის, მზად ვარ, ბრაზილიაში კიდევ ერთი წლით დავრჩე. უფრო ძლიერი დავბრუნდები. ჩემი სურვილი მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლაა. “ჩელსის” დირექტორს, მარინა გრანოვკაიას ამის შესახებ უკვე ვესაუბრა. ვუთხარი, რომ თუ მწვრთნელს ჩემთან მუშაობა არ სურს, მაშინ მე “ატლეტიკოში” წასვლა მინდა. რამდენიმე შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. “ჩელსის” უნდა, რომ ჩინეთში ან სხვა რომელიმე კლუბში გამიშვას, თუმცა მე თანახმა არ ვარ”, – განაცხადა კოშტამ.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კომენტარი “არისტოკრატების” მთავარ მწვრთნელზე, ანტონიო კონტეზეც გააკეთა.
“კონტეს თავისი ხედვები აქვს, რომელსაც არ შეიცვლის. მას, როგორც კარგ მწვრთნელს, პატივს ვცემ, თუმცა როგორც პიროვნებას – არა. ის იმ ტიპის მწვრთნელი არ არის, რომელიც ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობას ამყარებს, დისტანციას იცავს.”
შეგახსენებთ, რომ კოშტამ გასულ სეზონში “ჩელსის” რიგებში ჩატარებულ 42 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.