დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 აგვისტო
დრაქსლერისათვის ინგლისური კლუბები იბრძვიან
“პარი სენ-ჟერმენის” შემტევის, იულიან დრაქსლერის შეძენა ინგლისურ კლუბებს სურთ. “მირორის” ცნობით, გერმანელი ფეხბურთელისათვის “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული” და “არსენალი” იბრძვიან.
“ბორუსია” ობამეიანგს აღარ გაყიდის
დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი პიერ-ემერიკ ობამეიანგს ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს აღარ გაყიდიან.
“ობამეიანგის თაობაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით, შეთანხმებას კი ვერ მივაღწიეთ. ახლა მის გაყიდვას არ ვაპირებთ”, – განაცხადა დორტმუნდელთა დირექტორმა, მიხაელ ზორკმა.
შეგახსენებთ, რომ ობამეიანგის შეძენა “მილანსა” და რამდენიმე ჩინურ კლუბს სურდა.
“მანჩესტერ სიტი” სანჩესში 70 მილიონს იხდის
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტი” ალექსის სანჩესის შესაძენად სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იბრძოლებს. “მირორის” ცნობით, “ქალაქელები” “მეთოფეებს” 70 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეთავაზებენ.
უილშირი “მილანს” შესთავაზეს
Corriere dello Sport-ის ცნობით, ლონდონის “არსენალმა” ჯეკ უილშირი “მილანს” შესთავაზა. ინგლისელი ფეხბურთელი გასულ სეზონში “ბორნმუთში” იყო განათხოვრებული და როგორ ჩანს, “არსენალს” მისი გასხვისება კვლავაც სურს.
“ატლეტიკო” და “ჩელსი” დიეგო კოსტას ტრანსფერზე შეთანხმდნენ
ესპანური რადიოსადგური Ondе Cero იუწყება, რომ ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “ატლეტიკო” დიეგო კოსტას ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
წყაროს თანახმად, ესპანური კლუბი 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გაიღებს, კიდევ ათი მილიონი ევრო კი შესაძლოა, ბონუსის სახით გასცეს.