დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 აგვისტო
“იუვენტუსს” კეჰილი სურს
ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტურინის “იუვენტუსს” ლონდონის “ჩელსის” მცველის, გარი კეჰილის დამატება სურს. როგორც იცით, ტურინელთა რიგები ლეონარდო ბონუჩიმ დატოვა, კლუბი კი მის შემცვლელს ეძებს.
დოლბერგი მბაპეს შემცვლელად?
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე “მონაკოს” დატოვებს, კლუბის ხელმძღვანელობა კასპერ დოლბერს შეიძენს. “აიაქსი” ახალგაზრდა ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.
დრაქსლერი პსჟ-ს ტოვებს?
L’Equipe-ს ცნობით, იულიან დრაქსლერი “პარი სენ-ჟერმენის” დატოვებასთან ახლოსაა. გერმანელი ფეხბურთელის შეძენის სურვილს “ბაიერნი” და “მონაკო” გამოთქვამენ.
ზლატანი “მანჩესტერ იუნაიტედში” განახევრებულ ხელფასს მიიღებს
ბრიტანული გამოცემა “სანი” იუწყება, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” გასულ სეზონთან შედარებით განახევრებულ ხელფასს (კვირაში 112 000 ფუნტ სტერლინგს) მიიღებს.
როგორც იცით, გუშინ იბრაჰიმოვიჩმა “იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, მას ამჟამად ტრავმა აქვს და მკურნალობს.
რაიოლა: მესიმ კლუბი უნდა შეიცვალოს!
ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა აცხადებს, რომ ლიონელ მესის ახალი გამოწვევა სჭირდება, შესაბამისად, მან “ბარსელონა” უნდა დატოვოს.
როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ კატალონიური კლუბი ნეიმარმა დატოვა, “ბარსელონას” კი მისი შემცვლელი ჯერაც არ შეუძენია.
“ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მესია, ახალი გამოწვევა სხვა კლუბთან ერთად სჭირდება, რათა გვიჩვენოს, როგორი დიდებულია”, – ციტირებს რაიოლას სიტყვებს “მარკა”.