7 დიდი ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე განხორციელდეს
ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ 2017 წლის ზაფხული გამორჩეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რის გარანტიასაც ნეიმარის ტრანსფერი გვაძლევს. თუმცა, ევროპულ გრანდებს ჯერ კიდევ აქვთ დრო დიდი ტრანსფერების განხორციელებისათვის. გთავაზობთ 7 დიდ ტრანსფერს, რომელიც შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე განხორციელდეს.
1. კილიან მბაპე “მონაკოდან” “პარი სენ-ჟერმენში”
“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა. ეს უკანასკნელი არაფერს იშურებს იმისათვის, რომ ფრანგულმა კლუბმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება “ბარსელონადან” ნეიმარის რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადაბირება, რამაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ფაქტია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე ახდენს პოზიტიურ გავლენას თავის ახალ კლუბზე.
პარიზელთა მომდევნო სამიზნეს კილიან მბაპე წარმოადგენს, რომელიც გასული სეზონის მთავარ აღმოჩენად ითვლება. “მონაკოელთა” ახალგაზრდა შემტევით მადრიდის “რეალიც” იყო დაინტერესებული, თუმცა, როგორც ჩანს, მბაპე არჩევანს “პსჟ”-ზე აკეთებს. ხელაიფი მზადაა, 180 მილიონი ევრო გადაიხადოს მისი ტრანსფერისათვის, რაც საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა უკვე დაადასტურა.
ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 95%
2. ფილიპე კოუტინიო “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”
2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი გმირი “ბარსელონაა”, რომლის სახელიც ნეიმარის გაყიდვის შემდეგ თითქმის ყველა ვარსკვლავს დაუკავშირეს, მათ შორის მარკო ვერატის, პაულო დიბალასა და ანხელ დი მარიას. ამ დროისთვის, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მხოლოდ პაულინიოსა და უსმან დემბელეს ტრანსფერების განხორციელება შეძლეს, რაც კლუბის ფანებს ვერ აკმაყოფილებს.
კატალონიელები ყოველთვის ნახევარდაცვაზე აკეთებდნენ აქცენტს, დღეს კი მათი თამაშის ეს სეგმენტი საკმაოდ შესუსტებულია. ამის გასაძლიერებლად კი ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერია საჭირო, რომელიც ანდრეს ინიესტას შემცვლელადაც მოისაზრება. კატალონიელები მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე 72 მილიონ ფუნტს სთავაზობდნენ “წითლებს”, ახლა კი საუბარი 140 მილიონზეა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ფეხბურთელს ძალიან უნდა “კამპ ნოუზე” გადაბარგება. კოუტინიო “ლივერპულში” თამაშზეც უარს აცხადებს და ტრავმას იმიზეზებს მაშინ, როდესაც ბრაზილიის ნაკრების ექიმის თქმით, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს.
ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 80%
3. რენატუ საჩეში “ბაიერნიდან” “ლივერპულში”
რენატუ სანჩეში “ბენფიკას” ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც 20 წლისაც არ იყო, საკმაოდ მალე მოექცა ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში. საბოლოო ჯამში, სანჩეშმა არჩევანი “ბაიერნზე” გააკეთა, რომელმაც მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. მისდა სამწუხაროდ, რენატუმ ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. გასულ სეზონში პორტუგალიელი მოედანზე 17-ჯერ გამოჩნდა, მაგრამ საშუალოდ მას მხოლოდ 36 წუთს უთმობდნენ. მართალია ის მცდელობას არ აკლებდა, მაგრამ კარლო ანჩელოტის გული მაინც ვერ მოიგო.
გასაკვირი არცაა, რომ ამ ყველაფრის ფონზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. გერმანელები მოლაპარაკებებს არაერთ კლუბთან აწარმოებდნენ, თუმცა ფასის გამო ტრანსფერი იბლოკებოდა. ამ დროისთვის კი სანჩეში ყველაზე ახლოს “ლივერპულში” გადასვლასთან იმყოფება.
სანჩეშის “ბაიერნიდან” წასვლის ალბათობა – 70%
4. ჯონი ევანსი “ვესტ ბრომიდან” “მანჩესტერ სიტიში”
ჩრდილო ირლანდიელი მცველი, ჯონი ევანსი, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედის” სამსახურში 7 წელზე მეტი გაატარა და ტიტულების მთელი კოლექცია მოიგო, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” რიგებში ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სეზონი ევანსმა “ვესტ ბრომვიჩის” რიგებში გაატარა და ამ დროის მანძილზე საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა.
როგორც ცნობილი ხდება, ჯონი ევანსის ტრანსფერით თვით “ქალაქელთა” თავკაცი, პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული, რომელმაც ზაფხულში გუნდიდან ელიაკიმ მანგალა გაუშვა და ახლა მის გუნდს გამოცდილი მცველი სჭირდება. თავად ფეხბურთელი მანჩესტერში დაბრუნების წინააღმდეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც “ვესტ ბრომვიჩი” აპირებს მის გაშვებას შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე. საქმე კი დაახლოებით 25 მილიონ ევროს ეხება.
ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 60%
5. ანდრე გომეში “ბარსელონადან” “იუვენტუსში”
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები არამარტო კოუტინიოსა და კიდევ ერთი შემტევის მოყვანას, არამედ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებასაც გეგმავენ.წამსვლელთა სიის სათავეში კი კლუბის 24 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, ანდრე გომეში იმყოფება. გასულ სეზონში გომეშმა თავი მხოლოდ ორი გოლითა და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რაც რა თქმა უნდა, კატალონიელთათვის საკმარისი არ არის.
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს კი სჯერათ, რომ გომეშის გაცილებით უფრო პროდუქტიულად გამოყენებაა შესაძლებელი. როგორც ცნობილი ხდება, “ბებერი ქალბატონი” პორტუგალიელ შემტევში 33 მილიონ ევროს იხდის, კატალონიელები კი 40-ს ითხოვენ.
ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 50%
6. დიეგო კოშტა “ჩელსიდან” “ატლეტიკოში”
გასული სეზონის დასრულების დღიდან დიეგო კოშტა თავის ყოფილ კლუბში, მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნებაზე ფიქრობს, რასთანაც ეს უკანასკნელი ძალიან ახლოს იმყოფება. Evening Standard-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ესპანელი შემტევი, დიეგო კოშტა ძალიან ახლოსაა თავის ყოფილ კლუბში დაბრუნებასთან.
ბრიტანული წყაროს ცნობით, “როხიბლანკო” კოშტას სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა დიეგო “ვანდა მეტროპოლიტანოზე” თამაშს 2018 წლის იანვრამდე ვერ შეძლებს სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო.
ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 50%
7. ალექსის სანჩესი “არსენალიდან” “მანჩესტერ სიტიში”
არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ ლონდონის “არსენალის” ჩილელ ლიდერს, ალექსის სანჩესს კლუბის დატოვება ყველაზე მეტად უნდა, განსაკუთრებით კი “ლივერპულთან” გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ. ალექსის სანჩესს საკმაოდ კარგა ხნის მანძილზე აკავშირებდნენ მიუნხენის “ბაიერნს”. თუმცა, ამ დროისთვის მისი გადაბირების ერთადერთ რეალურ კანდიდატად პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” რჩება.
ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 30%