ვლადიმირ ვაისი: “ადრე თუ გვიან, ირლანდიასთან ნავსი გატყდება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, რთული სიტუაცია, როცა ფეხბურთელებს კლუბებში თამაში არ უწევთ. ჯგუფში ჯერ მოგება არ გვქონია. გუნდი ბოლომდე დაიხარჯება. საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენ ირლანდიასთან, უელსთან და სერბეთთან კარგად ვითამაშეთ, თუმცა შედეგი ისეთი არ გვქონია, როგორიც საჭირო იყო.
ვიმეორებ, რომ საქართველოს ნაკრებს პოტენციალი გააჩნია. არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. არ აქვს მნიშვნელობა, ვიქნები თუ არა მე მწვრთნელი, ნაკრებს კარგი ახალგაზრდები ჰყავს.
სპორტის სხვა სახეობებს თვალს ვადევნებთ და ქართველ სპორტსმენებს ვგულშემატკივრობთ. ხვალ, შევეცდებით, წარმატებას ჩვენც მივაღწიოთ. გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ხვალ ის ფეხურთელები ითამაშებენ, რომლებსაც ამ სეზონში გარკვეული პრაქტიკა აქვთ.
დღევანდელი ირლანდიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ირლანდიელებს შესანიშნავი მწვრთნელი და მწვრთნელის ასისტენტი ჰყავთ. სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ადრე თუ გვიან, ირლანდიასთან ნავსი გატყდება.
არაბიძის 21-წლამდე ნაკრებისათვის დათმობა ჩემთვის არავის უთხოვია. ტაბიძესთან დაკავშირებით, ასეთი თხოვნა იყო და ის ახალგაზრდულ ნაკრებში გავუშვით. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ხშირად ვსაუბრობთ, ნაკრებს დიდი მომავალი აქვს”, – განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.