უეფამ ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერების შემდეგ გამოძიება დაიწყო
უეფას ფინანსური კონტროლის კომიტეტის საგამოძიებო პალატამ “პარი სენ-ჟერმენთან” მიმართებაში გამოძიება დაიწყო. ორგანიზაცია ბოლოს განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ გაარკვევს, რამდენად შეესაბამება კლუბის მდგომარეობა ფინანსური “ფეარ პლეის” წესებს. უეფა გამოძიების დასრულებამდე აღნიშნულ სკაითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებებს აღარ გამოაქვეყნებს.
როგორც მოგეხსენებათ, “პარი სენ-ჟერმენმა” ამ ზაფხულს “ბარსელონადან” ნეიმარი გადმოიბირა. ცნობილია, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თავისივე კონტრაქტი კატალონიური კლუბისგან 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა. პარიზელებმა “მონაკოსგან” კილიან მბაპეც ინათხოვრეს, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. ფრანგული პრესის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” მბაპეს ტრანსფერში 180 მილიონ ევროს გადაიხდის.
ფინანსური “ფეარ პლეის” დარღვევის შემთხვევაში, “პარი სენ-ჟერმენს” სანქცია დაეკისრება. ყველაზე მსუბუქი ჯარიმა თანხობრივი სანქციაა, ყველაზე მძიმე კი – ევროთასებიდან მოხსნა.