საქართველოსა და ირლანდიის დაპირისპირება ფრედ დასრულდა
დღეს რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
“დინამო არენაზე” საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდია მიიღო. შეხვედრას საკმაოდ აქტიური დასაწყისი ჰქონდა: პირველივე წუთებში ჯანო ანანიძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთი ჩააგდო, რომელსაც კართან ახლოს მდგომი ჯამბულ ჯიღაური ვერ აწვდა. სულ ცოტა ხანში ჩვენი საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა. მე-4 წუთზე კრისტიეს მიერ ჩაწოდებული ბურთი დაფიმ კარში თავურით გადაგზავნა და ანგარიში გახსნა. ქართველები უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე ნორმალური მომენტიც შექმნეს. ამ მხრივ გამოსარჩევია გიორგი კაკაბაძის გარღვევა მარჯვენა ფლანგინდან და უძლიერესი დარტყმა, რომელიც რენდოლფმა მოიგერია.
35-ე წუთზე კაშიამ შეტევა დაიწყო, მან გვილიას გადასცა ბურთი, რომელმაც ანანიძეს “უპასა”, ამ უკანასკნელმა კი შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ყაზაიშვილს, ერთი ერთზე დარჩენილმა ვაკომ კი მარტივად მოახერხა გატანა – 1-1!
მე-40 წუთზე ისევ ანანიძემ იაქტიურა, მან კვეკვესკირს გადააწოდა ბურთი. ამ უკანასნელმა შორიდან დაარტყა, თუმცა მეკარემ მისგან მარჯვენა კუთხეში დაიჭირა ბურთი. ამას მალე ირლანდიელთა კუთხური მოჰყვა, რომლის მოწოდების შემდეგაც უოლტერსმა ძალიან ახლოდან დაარტყა თავით, თუმცა აქ მაკარიძე უზადო იყო.
ზემოთ აღნიშნულს მოჰყვა ქართველთა რამდენიმეწუთიანი დომინირება, რომლის დროსაც ბურთის ფლობის მაჩვენებელი 76%:24%-ზე იყო ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. თუმცა, ამ საკმაოდ ეფექტური მონაკვეთის გოლით დაგვირვგინება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, პირველი ნახევარი ანგარიშთ, 1-1 დასრულდა.
ჩვენმა ბიჭებმა აქტიურობა არც მეორე ნახევარში დააკლეს. 49-ე წუთზე ჯიღაურმა მიიღო ბურთი, მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შეიწია, ერთ მეტოქეს ფეხებს შორის გაუტარა ბურთი, იგი ანანიძეს გადააწოდა, რომელმაც დაბალი ტექნიკური დარტყმით სცადა ირლანდიელთა კარის აღება, თუმცა ბურთი მიზანს სანტიმეტრებით ასცდა.
69-ე წუთზე ერთ-ერთი ირლანდეილი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და საჯარიმოში ჩააწოდა, შეინ ლონგმა ძალიან ახლოდან დაარტყა, თუმცა ბურთს თავით კარგად ვერ მისწვდა და იგი კარს გადასცდა. 86-ე წუთზე შეინ ლონგმა მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, მან მაკგიდს გაუკეთა პასი, იგი საჯარიმოში შევიდა და დაარტყა, თუმცა ამ მომენტში მაკარიძემ ივარგა. ამას მოჰყვა მერებაშვილის დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან, თუმცა ისევ სულ ცოტა მიზნამდე… დამატებით დროში მაკგიდს შეექმნა შესანიშნავი შანსი, რომ მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გოლი გაეტანა, თუმცა მან ბურთი კარს გადააცილა.
საბოლოოდ, მატჩი ანგარიშთ 1-1 დასრულდა.
შემადგენლობები
საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი, გვილია, კვეკვესკირი, ანანიძე, ჯიღაური (ჭანტურია, 75 წთ.), ყაზაიშვილი (ხოჭლავა, 90+1 წთ.), ქვილითაია (მერებაშვილი, 85 წთ).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი
ირლანდია: რენდოლფი, კრისტი, კლარკი, ველანი (მერფი 79 წთ.), ლონგი, ბრედი, მაკლინი, უორდი, უოლტერსი, დაფი, არტერი (მაკგიდი 62 წთ.).
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი
გოლები: ყაზაიშვილი – (34 წთ.) – დაფი (4 წთ.)
გაფრთხილებები: კვეკვესკირი (37 წთ.), ჯიღაური (62 წთ.).