კვეკვესკირი: “ეროვნულ ნაკრებში გამარჯვების გარდა, სხვა მიზანი არ უნდა გქონდეს”
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში ავსტრიის ეროვნული გუნდი საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებს მიიღებს. ჩვენმა ბიჭებმა წინა მატჩი ირლანდიასთან თბილისში ფრედ, 1-1 ითამაშეს.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ვენაში მყოფი ნაკრების ნახევარმცველს, ნიკა კვეკვესკირს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
– როგორი შემართებით ხვდებით ავსტრიასთან დაპირისპირებას?
– გუნდში პოზიტიური განწყობაა, რადგან ვაჩვენეთ თამაშის სტილი, რისკენაც ვლადიმერ ვაისის ხელში მივისწრაფვით. ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრები ნელ-ნელა იხვეწება. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება გუნდის ხასიათსა და თვითრწმენაზე.
– რისთვის იბრძოლებთ ავსტრიასთან დაპირისპირებაში? რის ხარჯზე აპირებთ სასურველი მიზნის მიღწევას?
– როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, გარდა გამარჯვებისა, სხვა მიზანი შეუძლებელია, გქონდეს. ამ შემთხვევაში მეტოქის სიძლიერეს აზრი არ აქვს: სურვილი ერთია – მისი დამარცხება.
რაც შეეხება იმას, თუ რის ხარჯზე ვაპირებთ ამის მიღწევას: პირველ რიგში, იმით, რითაც ირლანდიასთან წარმატების მიღწევას ვცდილობდით. თუმცა, იქნება ცვლიელებები როგორც პოზიციურ დაცვაში, ასევე შეტევაში. ავსტრია განსხვავებული სტილის გუნდია და მწვრთნელიც მაქსიმალურად ცდილობს, გაითვალისწინოს ძლიერი და გამოიყენოს მათი სუსტი მხარეები.
– ირლანდიასთან დიდი უპირატესობა გქონდათ: ბურთსაც ფლობდით და მომენტებსაც ქმნიდით. შენი აზრით, რა იყო ამ ყველაფრის ვერგამოყენების მიზეზები და აღმოფხვრადია თუ არა ეს ავსტრიასთან მატჩში?
– როგორც კითხვაში ახსენე, ბურთსაც ჩვენ ვაკონტრლებდით და, შესაბამისად, მომენტები გვქონდა. გამოდის, რომ დაგვაკლდა გამარჯვების მომტანი გოლი. თუ ასე გავაგრძელებთ, შევინარჩუნებთ იმ დონეს, რაც ახლა გვაქვს, სტაბილურობა ჩვენი მახასიათებელი გახდება, გოლები და გამარჯვებები აუცილებლად მოვა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირლანდიასთან რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი გვაკლდა. ისინი მომავალში კიდევ უფრო გაგავაძლიერებენ და სიღრმეს მისცემენ ჩვენს შემადგენლობას. ეს კი აუციებელია, როცა სამ დღეში ორ თამაშს ატარებ.
ავსტრიასთან შეხვედრა მშვენიერი ტესტია იმისთვის, რომ დავინახოთ, სად ვართ; გავიგოთ, რეალურად როგორ შეგვიძლია თამაში და ასეთ მოკლე დროში ძალების აღდგენა. ჩვენც დიდი ინტერესით ველით ამ მატჩს. ვემზადებით და ყველანაირად ვეცდებით, სტადიონი თავაწეულებმა დავტოვოთ!