ხოჭოლავამ “შახტარში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ დონეცკის “შახტარის” შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურში “შახტარმა” ხარკოვში ლუგანსკის “ზორია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ხოჭოლავა მოედანზე შეხვედრის 65-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 1:1 იყო.
აღსანიშნავია, რომ ქართველ მცველს პოზიციის მიხედვით სერგეი კრივცოვი უნდა შეეცვალა, რომელმაც ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თუმცა ამ დროს “შახტარს” მოედანზე მხოლოდ სამი უკრაინელი ფეხბურთელი ჰყავდა და ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო პაულუ ფონსეკამ უკრაინელი მცველი ქართველით ვერ შეცვალა. თავდაპირველად დაშავებული კრივცოვი საყრდენმა ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ შეცვალა, ამის შემდეგ კი მინდორზე ალან პატრიკის ნაცვლად ხოჭოლავა გავიდა, რომელმაც ტრავმირებული კრივცოვის პოზიცია დაიკავა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩის შემდეგ ფონსეკამ დავით ხოჭოლავა შეაქო და მას სადებიუტო მატჩის ჩატარება მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავა დონეცკის “შახტარში” მიმდინარე წლის აპრილში ოდესის “ჩერნომორეციდან” გადავიდა.