მომდევნო ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები ცნობილია
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება, ხოლო 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს ლოს ანჯელესი უმასპინძლებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა პერუს დედაქალაქ ლიმაში დღეს დაწყებულ სოკ-ის 131-ე სესიაზე.
“ვულოცავ პარიზ-2024-ს და ლოს-ანჯელეს-2028-ს. ეს არის ისტორიული ორმაგი არჩევანი, ეს არის წაუგებელი სიტუაცია ქალაქ პარიზისთვის, ქალაქ ლოს-ანჯელესისთვის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის. ძნელი წარმოსადგენია უკეთესი რამ. ოლიმპიური თამაშებისა და მთელი მსოფლიოს სპორტსმენებისთვის მომავალი 11 წლის განმავლობაში სტაბილურობის უზრუნველყოფა – ეს არის რაღაც ექსტრაორდინალური”, – განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
როგორც თომას ბახმა აღნიშნა, ორი უდიდესი ქვეყნის ამ ორ ორ უდიდეს ქალაქს ზურგს უდიდესი ოლიმპიური ისტორია უმაგრებს. ორივე ქალაქი საოცარი ენთუზიაზმით ეკიდება ოლიმპიურ თამაშებს და ფანტასტიკურად უკაფავს გზას ოლიმპიურ სულისკვეთებას.
პარიზისა და ლოს ანჯელესის მერებმა ანე იდალგომ და ერიკ გარსეტიმ მადლობა გადაუხადეს სოკ-ის წევრებს მხარდაჭერისათვის და გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალი ოლიმპიური თამაშები წარმატებით ჩაივლის.
დღევანდელი არჩევნების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც წლეულს ივნისში გამართულმა სოკ-ის რიგგარეშე სესიამ მხარი დაუჭირა აღმასრულებელი საბჭოს წინადადებას 2024 და 2028 წლის მასპინძელი ქალაქების ერთდროულად არჩევის შესახებ, სამმხრივმა შემთანხმებელმა კომისიამ კი ნაყოფიერად იმუშავა და ყველა სადვაო საკითხი მოაგვარა, ცხადია, არავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ სოკ-ის წევრები სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.