“ნაპოლის” პრეზიდენტი: “სერია A 16 გუნდამდე უნდა შევამციროთ”
“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიის სერია A-ში მონაწილე გუნდთა რაოდენობის შემცირების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ჩემპიონატი სხვა ევროპულ ტოპლიგებს ჩამორჩება.
“იტალიაში ფეხბურთს მენტალურად 30 წლით ჩამორჩენილი ხალხი ხელმძღვანელობს. დღეს სერია A-ში 1986 წლის მსგავსად მხოლოდ 16 გუნდი რომ თამაშობდეს, უკეთესი იქნებოდა. იტალიის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის შემცირებას გთავაზობთ. გასავარდ ზონაში მხოლოდ ერთი ადგილი დავტოვოთ.
ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კარლო ტავეკიოს ვესაუბრე. ეს სხვა ცვლილებებს არ გამოიწვევს. კომპანია, რომელიც სერია A-ს მატჩების ტრანსლირების უფლებების რეალიზაციით არის დაკავებული, პატარა კლუბებს ატყუებს და ეს ჩემპიონატის კონკურენტუნარიანობას აფერხებს.
დადგა დრო, რომ ჩვენი ლიგა უკეთ გავყიდოთ. ამ მხრივ სხვა ჩემპიონატებს ჩამოვრჩებით. ესპანეთის პრიმერადივიზიონი საზღვარგარეთ მატჩების ტრანსლაციების გაყიდვით 700 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ჩვენ კი მხოლოდ 300-400 მილიონს ვიღებთ. ესპანელებს “ატლეტიკო”, “რეალი” და “ბარსელონა” ჰყავთ, როცა ჩვენთან “იუვენტუსი”, “ნაპოლი”, “ინტერი”, “მილანი”, “რომა”, “ლაციო”, “ფიორენტინა” და სხვა კლუბები ასპარეზობენ”, – განაცხადა დე ლაურენტისმა “რადიო 24”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.