ანტონიო კონტე “ჩელსის” დატოვებას გეგმავს
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ამ ინფორმაციას საკმაოდ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Telegraph ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, 48 წლის სპეციალისტი უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობის ქმედებებით – ანტონიო კონტე პრეზიდენტის მხრიდან საკმარის მხარდაჭერას ვერ გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ კონტე ზაფხულშიც საკმაოდ სერიოზულად ფიქრობდა ლონდონიდან წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი თაოსნობით “არისტოკრატები” უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობდნენ.
კონტეს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, თუმცა რომან აბრამოვიჩთან და მარინა გრანოვსკაიასთან არსებული არც თუ ისე სახარბიელო ურთიერტობის გამო, მათი გზები დიდი ალბათობით 2018 წელს გაიყოფა.