“ბაიერნის” ფეხბურთელები ანჩელოტის ზურგს უკან ვარჯიშობდნენ
კარლო ანჩელოტისა და მიუნხენის გზები უკვე ოფიციალურად გაიყარა და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო დეტალი ვლინდება იტალიელ სპეციალისტსა და ფეხბურთელებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ გერმანულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელები უკმაყოფილონი იყვნენ კარლო ანჩელოტის მეთოდებით. “პაპა კარლოს” განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა შემდეგ “ბავარიელებთან” ჰქონდა: ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი და ტომას მიულერი).
როგორც სჩანს, ამ ფეხბურთელთაგან ანჩელოტისთან ყველაზე რთული ურთიერთობა არიენ რობენს ჰქონდა, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა მას. ჰოლანდიელი ფეხბურთელის თქმით, ანჩელოტის ფეხბურთელებისგან დაახლოებით იმდენს ითხოვდა, რამდენსაც თავის შვილს სკოლაში სთხოვენ.
ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, ფეხბურთელები კარს უკან, კარლო ანჩელოტის დახმარების გარეშე ცდილობდნენ ვარჯიშს. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი, Bild-იც ადასტურებს.