შევჩენკო საქართველოში გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა, დააჯარიმონ
უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო შესაძლოა, თბილისში გაკეთებული განცხადების გამო 2000 ლარით დააჯარიმონ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფიქრობს, რომ შევჩენკომ სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, რის გამოც ასოციაციამ ცსკო-ს მომხდარის შესწავლისაკენ მოუწოდა.
როგორც იცით, 29 სექტემბერს საქართველოში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. “დინამო არენაზე” სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ანდრეი შევჩენკომაც ითამაშა, რომელიც თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის – კახი კალაძის მეგობარია.
“დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება”, – ეს არის ის განცხადება, რომელიც “მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა საქველმოქმედო მატჩის შემდეგ გააკეთა და რის გამოც, შესაძლოა, ის 2000 ლარით დააჯარიმონ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს –
ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.