კრის კოულმენი: “რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო, რომ ჩვენს მეკარეს გოლი გაეშვა”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრები შინ უელსთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა მატჩის შედმეგ მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.
“მახსოვს საქართველოს ნაკრების წინა მატჩები, განსაკუთრებით კი სერბეთთან, როცა მათ მეორე გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ. საქართელოს ნაკრები კარგი გუნდია, დიდ პატივს ვცემ, განსაკუთრებით კი მის მთავარ მწვრთნელს. დღეს მატჩში ჩვენ ვდომინირებდით და შედეგი სამართლიანია. კმაყოფილი ვარ. მეტოქეს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
მიხარია, რომ ლოურენსმა კარგი თამაში ჩაატარა, წინა მატჩებშიც მშვენივრად ითამაშა. საერთოდაც, ამ საკვალიფიკაციო ეტაპიზე მან თავი კარგად გამოიჩინა. ამ გამარჯვებაში მთავარი როლი მისია.
კარგია ისიც, რომ აქამდე გაფრთხილებულმა შვიდმა ფეხბურთელმა ზედმეტი ბარათები არ მიიღეს და დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ.
ბოლო გადამწყვეტი მატჩი გველის ირლანდიის ნაკრებთან შინ და ვფიქრობ, რომ კარდიფში დიდებული ატმოსფერო იქნება. აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება, რომ ეს თამაში წარმატებულად ჩავამთავროთ. მიუხედავად იმისა, რომ ფრის შემთხვევაში მეორე ადგილს ვიკავებთ, შესაძლოა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, ამიტომ მოგებაზე უნდა ვითამაშოთ.
ჩვენმა მეკარე ჰენესიმ მთელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო, რომ დღეს მას გოლი გაეშვა.
ჩვენი სათამაშო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანია. ის, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ, მეტად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად.
ეშლი უილიამსი ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია, ის ნამდვილი კაპიტანი და ლიდერია, რაც დღევანდელი შეხვედრის მსგავს მატჩებში მტკიცდება, როცა გარეტ ბეილი არ გვყავდა. რემსიც და ბეილიც მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, მათ განსხვავებული უნარები აქვთ. მათ გარეშეც შეიძლება ერთი-ორი მატჩის მოგება, მაგრამ მთელი ციკლის განმავლობაში მათი ჯანმრთელად ყოფნა ჩვენი გუნდისთვის აუცილებელია”, – განაცხადა კრის კოულმენმა.