ვლადიმირ ვაისი: “მთავარი პროგრესი ისაა, რომ გუნდმა ნებისმიერ მეტოქესთან ისწავლა ბრძოლა”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრები შინ უელსთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უელსთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“წაგების ერთ-ერთი მიზეზია სათამაშო პრაქტიკის უქონლობაა. აბურჯანია უთამაშებელია, კანკავა უგუნდოდ არის, გვილია მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ზის. ბოლო გადამწყვეტი პასი მთელი თამაშის განმავლობაში გვაკლდა. გოლი გარეშე როგორ შეიძლება მოგება?! ეს პრობლემა მთელი ციკლის განმავლობაში გვქონდა, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ.
სერბეთში მძიმე მატჩი გველის. თითოეულ მატჩში მოედანზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების დონე ვერ უტოლდება სერბი მოთამაშეების დონეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან, ყველაფერს აქვს ლიმიტი, სათამაშო ხარისხი პრობლემატურია. ფეხბურთში ძლიერი ყოველთვის ამარცხებს სუსტს. მე ვარ მწვრთნელი და პასუხისმგებლობა ჩემზეა. ჩვენ მეექვსე კალათაში ვიყავით, ხოლო მოლდოვა მეხუთეში და მცირე პროგრესი შეიმჩნევა. მოლდოვის ნაკრებთან მატჩი უნდა მოგვეგო.
რაში ვხედავ პროგრესს ნაკრების თავკაცის პოსტზე ჩემი დანიშვნის შემდეგ? რა თქმა უნდა, ქულების მხრივ პროგრესი არ გვაქვს. მთავარი პროგრესი ისაა, რომ გუნდმა ნებისმიერ მეტოქესთან ისწავლა ბრძოლა. ახალი მოთამაშეები გამოჩდნენ, ფეხბურთელები გაიზარდნენ, უფრო გამოცდილები გახდნენ. ყველა თამაშობს ისე, როგორც შეუძლია. დღესაც იყო შეცდომები, ვაკო გვილია შეცდა პოზიციურად, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრძოლის შანსი გვაქვს.
როდესაც სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიყვანე, ჩემი ფეხბურთელები “ლივერპულში”, “რეინჯერსში”, მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშობდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებს რაც შეეხება, ზოგი “ტობოლში” თამაშობს, ზოგი “ბატეს” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ზოგიც უგუნდოდაა.
ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. ნახეთ როგორ ითამაშა დღეს კაკაბაძემ? ის არის მომავლის მოთამაშე.
ვცდილობდით, რომ გვეთამაშა შემტევი ფეხბურთი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ ხარისხი არ გვყოფნის. არც მეტოქეს ჰქონია ბევრი შანსი. ჯაბა კანკავამ წარმოუდგენლად კარგად ითამაშა. ის უმაღლესი დონის კლუბს იმსახურებს.
ტაქტიკას ნებისმიერ მატჩში ვცვლით. მეტოქეს ვარგებთ. რაც შეეხება სერბეთის ნაკრებთან თამაშს, სამი-ოთხი ცვლილება იქნება”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.