ანდრეა პირლო კარიერას ასრულებს
“ნიუ იორკ სიტის” ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ის მოთამაშის კარიერას დაასრულებს. შესაბამისად, 2017 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, პირლოს მოთამაშის ამპლუაში ვეღარ ვიხილავთ.
38 წლის ფეხბურთელის თქმით, მან ჯერ არ იცის, რა საქმიანობით დაკავდება მომავალში.
“ვფიქრობ, დრო მოვიდა, მოთამაშის კარიერა დაასრულა. ისე ვეღარ ვვარჯიშობ, როგორც ადრე, ფიზიკური პრობლემები თავს იჩენს. 38 წლის ასაკში, დროა, ჩემი ადგილი ახალგაზრდებს დავუთმო. გაბრაზებული არ ვარ. ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. დეკემბერში იტალიაში დავბრუნდები. იდეები მაქვს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია”, – უთხრა პირლომ Gazzetta dello Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ “მაესტრომ” კარიერა “ბრეშაში” დაიწყო, საიდანაც “ინტერში” გადავიდა. 2001 წელს, ის “მილანის” წევრი გახდა, 2011 წელს კი ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდა. პირლო იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2002-2015 წლებში იცავდა.