ვლადიმირ ვაისი: “სერბებთან ტაქტიკას შევცვლით და ვნახოთ, რა მოხდება”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას დღეს, ბელგრადში, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. გაამარჯვების შემთხვევაში, სერბები მუნდიალის საგზურს გაინაღდებენ. საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისი გუნდი წინა შეხვედრებისგან განსხვავებული ტაქტიკით ითამაშებს.
“სერბეთის ნაკრების, ტადიჩის, მიტროვიჩის, მატიჩის წინააღმდეგ თამაში იოლი არ არის. მეტოქეს სლავოლიუბ მუსლინის სახით გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ჩემი მეგობარია. სერბებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და მათ წინააღმდეგ თამაში რთულია.
სერბეთის ნაკრებმა ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე დომინანტური ფეხბურთი ითამაშა, გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა. ტაქტიკის შეცვლა გვიწევს და ვნახოთ, რა მოხდება”, – ციტირებს ვაისის სიტყვებს სერბული “სპორტსკი ჟურნალი”.
შეგახსენებთ, რომ სერბეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა შორის შეხვედრა დღეს, 9 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.