გიორგი მერებაშვილი: “პირველი გამარჯვების მოლოდინში ვართ”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას დღეს, ბელგრადში, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. გაამარჯვების შემთხვევაში, სერბები მუნდიალის საგზურს გაინაღდებენ. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სერბეთში დაბრუნდა გიორგი მერებაშვილი, რომელიც თავის დროზე “ვოივოდინას” ღირსებას იცავდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ამბობს, რომ გუნდი ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვების მოლოდინშია.
“მოხარული ვარ, რომ ექვსი წლის შემდეგ სერბეთში დავბუნდი. სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი არ გვაქვს, მაგრამ ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პირველი გამარჯვების მოლოდინში ვართ. ეს რთული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ”, – ციტირებს მერებაშვილის სიტყვებს სერბული “სპორტსკი ჟურნალი”.
შეგახსენებთ, რომ სერბეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა შორის შეხვედრა დღეს, 9 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.