ჰაინკესი: “ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი ესაა”
72 წლის სპეციალისტმა, იუპ ჰაინკესმა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მას შემდეგ, რაც კლუბმა კარლო ანჩელოტი დაითხოვა, რამდენიმე რეალური კანდიდანტი განიხილა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, მაგრამ არჩევანი მათთვის უკვე კარგად ნაცნობ ჰაინკესზე გაკეთდა. გერმანელი სპეციალისტი “ბაიერნში” ამ პოზიციაზე მეოთხედ დაინიშნა.
ჰაინკესმა ჟურნალისტებს განუცხადა: “ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიუნხენის “ბაიერნს”, ისინი დამეხმარნენ პროფესიონალ მწვრთნელად ჩამოყალიბებაში. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ მე აქ დავბრუნდი. ბუნდესლიგა საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია, ახალგაზრდა მწვრთნელებითა და კარგი გუნდებით. დარწმუნებული ვარ, შეგვწევს ძალა გავაუმჯობესოთ ჩვენი ამჟამინდელი არასასიამოვნო მდგომარეობა. მსურს, ჩემს ფეხბურთელებთან ვისაუბრო ერთიანობაზე და აღვუდგინო მათ საკუთარ თავში რწმენა. დორტმუნდის “ბორუსიას” ხუთ ქულიანი უპირატესობა აქვს, რა თქმა უნდა, ძნელი იქნება მათთან მიახლოვება,” – განაცხადა იუპ ჰაინკესმა.