საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ფარერებთან დამარცხდა (ვიდეო)
10 ოქტომბერს, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად ფარერებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ოლსენმა გახსნა, ოთხ წუთში კი მისმა თანაგუნდელმა ტომსენმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 29-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთა გუნდი კონტრ-შეტევაზე დაიჭირა, აკაკი შუალაიამ მეტოქეებს სისწრაფეში აჯობა, მისი გადაცემა კი კარში იაკობსენმა ჩაჭრა. 39-ე წუთზე ისევ მასპინძლებმა გაიტანეს – იაკობსენმა თავისი შეცდომა გამოასწორა და ამჯერად ქართველთა კარი აიღო. პირველი ნახევარი ფარერების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში უპირატესობას გია გეგუჩაძის გუნდი ფლობდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ცარიელ კართან ზურგით მყოფმა მიქელთაძემ ბურთი მიიღო, დარტყმა ქუსლით გადაყვიტა, თუმცა ხელი მცველმა შეუშალა, ბურთი არაბიძეს მიუვიდა, რომელმაც ძალიან არაზუსტად დაარტყა. საბოლოოდ, მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა – ფარერების ნაკრებმა სამი ქულა მოიპოვა.
მე-3 ჯგუფში ჩატარებული სამი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს სამი წაგება დაუგროვდა და ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს. გეგუჩაძის გუნდი დანიასთან 2:5, ხოლო პოლონეთთან 0:3 დამარცხდა.
ფარერები 3:1 საქართველო
გოლები: ოლსენი 22′, ტომსენი 26′, იაკობსენი 39′ – იაკობსენი (ს.კ.) 29′.
ფარერები: კ. ჰანსენი; ჰეინესენი, ვარდუმი, პეტრსენი, მაგნუსონი; ბ. ჰანსენი, ოლსენი, იაკობსენი, ედმუნდსონი, ბიარტალიდი; ტომსენი.
მთავარი მწვრთნელი: ერიკ ჰენცე.
საქართველო: კუპატაძე; ნადარაია, ტაბიძე, მარგველაშვილი, შულაია; მოხევიშვილი (ბერიძე), ჩაკვეტაძე, ხარაიშვილი; მიქელთაძე, არველაძე (კოხრეიძე), არაბიძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.