ჯანო ანანიძეს რომში ოპერაცია გაუკეთეს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ქართველმა ფეხბურთელმა 12 ოქტომბერს მარცხენა ტერფზე ოპერაცია გაიკეთა. სამედიცინო პროცედურა რომში ჩატარდა და ის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ჯანო ანანიძე სარეაბილიტაციო პროცესის გამო გარკვეული ხნით კლინიკაში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ “სპარტაკის” ნახევარმცველი რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მახაჩყალის “ანჟის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორი მატჩის 36-ე წუთზე დამოუკიდებლად, მაგრამ აცრემლებულმა დატოვა.
ჯანო ანანიძემ ტრავმის გამო უელსისა და სერბეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ გამართულ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.