“ინტერმა” მილანური დერბი იკარდის ჰეთთრიკით მოიგო (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს მერვე ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” შედგა, სადაც ნომინალური მასპინძელი “ინტერი” გახლდათ, “მილანი” კი სტუმრის რანგში თამაშობდა.
შეხვედრა ორივე გუნდის მხრიდან ტაქტიკური დაზვერვით დაიწყო, პირველი სახიფათო ეპიზოდი კი მე-13 წუთზე განვითარდა, როდესაც ანტონიო კანდრევას შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი “მილანის” კარის ხარიხას მოხვდა. “ინტერის” გარემარბმა გოლი არა, მაგრამ საგოლე გადაცემა მაინც ჩაიწერა: 28-ე წუთზე სწორედ მისი გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა მაურო იკარდიმ და ანგარიში გახსნა 1:0. ამ გოლის შემდეგ მატჩის მიმდინარეობა დიდად არ შეცვლილა, არც “როსონერი” გააქტიურებულა განსაკუთრებით, თუმცა ტაიმის ბოლოს ფაბიო ბორინის წონასწორობის აღდგენის კარგი შესაძლებლობა მიეცა. იტალიელის დარტყმის შემდეგ სამირ ჰანდანოვიჩმა შესანიშნავი რეაგირება გამოავლინა და ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი იმავე ბორინიმ ზუსტად ვეღარ დაარტყა.
შეხვედრის მეორე ნახევარში სრულიად შეცვლილი “მილანი” გამოვიდა მოედანზე. ვინჩენცო მონტელას გუნდი საგრძნობლად გააქტიურდა, სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და სახიფათო მომენტების შექმნა დაიწყო, 56-ე წუთზე კი საწადელსაც მიაღწია: “ინტერის” საჯარიმოს მისადგომებთან სუსოს ხელი არავინ შეუშალა, ესპანელმა თავისუფლად დაარტყა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა “როსონერის” სიხარული დიდხანს არ დასცალდა. 63-ე წუთზე იკარდიმ საკუთარ ნახევარზე მეტოქეს ბურთი აართვა და თავადვე წამოიწყო შეტევა, რომელიც შემდეგ ფლანგზე ივან პერიშიჩმა განავითარა, პარალელურად იკარდიმ მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა და პასს დაელოდა, არც ხორვატმა დაახანა უყურადღებოდ დარჩენილი არგენტინელი ფორვარდისთვის გადაცემის გაკეთება, “ნერაძურის” კაპიტანმა ნახტომში ერთი შეხებით დაარტყა და “ინტერი” ხელმეორედ დაწინაურდა 2:1.
81-ე წუთზე “მილანმა” კიდევ ერთხელ მოახერხა წონასწორობის აღდგენა: მეტოქის საჯარიმოში ბორინის გამჭოლ პასს ჯაკომო ბონავენტურა გამოეხმაურა, ჰანდანოვიჩმა კი შეძლო მოგერიება, მაგრამ ძელიდან ასხლეტილი ბურთი თავადვე შეიტანა საკუთარ კარში – 2:2. ამით ყველაფერი არ დასრულებულა. 89-ე წუთზე რიკარდო როდრიგესმა საკუთარ საჯარიმოში დანილო დამბროზიო შებოჭა, რის გამოც “მილანის” კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. პენალტი იკარდიმ ზუსტად შეასრულა და მისი ჰეთთრიკის წყალობით “ინტერმა” სამი ქულა ჩაიწერა – 3:2.
“ინტერმა” ამ გამარჯვების შემდეგ 22 ქულა მოაგროვა და გათამაშების ლიდერ “ნაპოლის” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. “მილანს” 12 ქულით მეცხე პოზიცია უკავია.
იტალიის სერია A
VIII ტური
“ინტერი” — “მილანი” 3:2 (1:0)
“ინტერი”: ჰანდანოვიჩი, დამბროზიო, შკრინიარი, ჟოაო მირანდა, ნაგატომო, ვესინო, ბორხა ვალერო (ედერი 85′), კანდრევა (ჟოაო კანსელუ 73′), გალიარდინი, პერიშიჩი, იკარდი (სანტონი 90+3′).
მთავარი მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი.
“მილანი”: დონარუმა, მუსაკიო, ბონუჩი, რომანიოლი (ლოკატელი 78′), ბორინი, კესიე (კუტრონე 46′), ბილია, ბონავენტურა, როდრიგესი, სუსო, ანდრე სილვა.
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: იკარდი 28′, 63′, 90′ (პენ) — სუსო 56′, ჰანდანოვიჩი 81′ (ა.გ.)
გაფრთხილებები: ჟოაო მირანდა 15′, ვესინო 25′, გალიარდინი 66′, პერიშიჩი 79′, იკარდი 90+1′, ედერი 90+4′ — რომანიოლი 22′, როდრიგესი 89′.
მთავარი არბიტრი: პაოლო ტალიავენტო.