“საბურთალო” უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე წრეში გავიდა
თბილისის საბურთალომ უეფას ჭაბუკთა ლიგის პირველი ეტაპი დაძლია. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა საპასუხო შეხვედრაში თურქეთის ბურსასფორთან ფრედ 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო და ნოემბერში მეორე წრეში იასპარეზებს.
„ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას! მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ საბურთალოს გამარჯვება არაა, ეს მთელი ქართული ფეხბურთის წარმატებაა! მადლობა ბიჭებს ამ ურთულეს მატჩში გამოჩენილი თავდადებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის”, – განაცხადა საბურთალოს თავკაცმა.
მისმა გუნდმა პირველი შეხვედრა თურქეთში 1:0 მოიგო, გუშინ კი ბოლო წუთებზე გადაარჩინა თამაში. თურქებმა პირველივე წუთზე გახსნეს ანგარიში – ილმაზმა დაარტყა ზუსტად. მე-8 წუთზე ილმაზს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა – საბურთალოს მეკარემ ნასყიდაშვილმა აჯობა, მატჩის 85-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა იური ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მეორე წრეში თბილისური კლუბის მეტოქე სერბეთის ბროდარაცი იქნება. პირველი მატჩი მეტოქის მოედანზე 1 ნოემბერს გაიმართება, საპასუხო კი თბილისში, 22 ნოემბერს.
სამინისტროს პრესსამსახური