სუარესი პოლონეთთან და ავსტრიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს
ურუგვაის ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სამხრეთ ამერიკელები 10 და 13 რიცხვებში პოლონეთისა და ავსტრიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, ლუის სუარესი. მან მარჯვენა მუხლზე დაზიანება ჯერ კიდევ აგვისტოში, მადრიდის “რეალთან” სუპერთასზე მიიღო. მაშინ ლუისმა იმკურნალა, თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ, ნაკრების ხელმძღვანელობამ მას მისცა საშუალება, სანაკრებო შესვენება სამკურნალოდ და ძალების აღსადგენად გამოიყენოს.
“იმისათვის, რომ სუარესმა სრულყოფილი რეაბილიტაციის კურსი გაიაროს, ის 11 ნოემბრიდან ერთი კვირის მანძილზე ყოველდღიურ მკურნალობას დაიწყებს,” – ნათქვამია ურუგვაელთა განცხადებაში.