კილიან მბაპე 2017 წლის “ოქროს ბიჭუნა” გახდა
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე 2017 წლის “ოქროს ბიჭუნა” გახდა.
“გოლდენ ბოი” (“ოქროს ბიჭუნა”) ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა “ოქროს ბურთის” ტოლფას ჯილდოდ ითვლება და მას 2003 წლიდან იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” ყოველწლიურად ატარებს.
ევროპის წამყვანი მედიასაშუალებათა ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, მბაპემ “ბარსელონას” ფორვარდი უსმან დემბელე და “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი ჩამოიტოვა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე გასულ სეზონში “მონაკოში” თამაშობდა. 18 წლის ფეხბურთელმა შარშან ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალურ ეტაპამდე გავიდა.
როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპე “პარი სენ-ჟერმენში” მიმდინარე სეზონში განათხოვრების წესით თამაშობს, ზაფხულში კი პარიზულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება მიენიჭება და ფრანგი თავდამსხმელი ნეიმარის შემდეგ გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში აღნიშნული ჯილდო მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ რენატუ სანჩეშს გადაეცა, რომელიც დღესდღეობით “სუონსი სიტიში” განათხოვრების წესით თამაშობს.