ხვიჩა კვარაცხელია: “ჩვენთვის სახელები და გვარები არაფერს ნიშნავს, ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ”
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 2018 წელს ინგლისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს. ჩვენმა ბიჭებმა ჯგუფის პირველი მატჩი ლატვიასთან გამართეს და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით (21 წთ.) მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.
ქართველები ხვალ “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” მონტენეგროელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. წინასამატჩოდ Fanebi.Com-ი ნახსენებ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორს, კვარაცხელიას ესაუბრა.
– პირველ რიგში, როგორი განწობაა გუნდში ხვალინდელი მატჩის წინ?
– ნაკრებში საბრძოლო განწყობაა, მინდორზე მოსაგებად გავალთ და იმედია ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც გვსურს.
– რა განცდა იყო შენთვის, როდესაც საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაისმა “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე”?
– დიდი პატივია, როდესაც შენი სამშობლოს ჰიმნს მღერი, ეს უდიდესი განცდაა.
– გაიხსენე გოლის ეპიზოდი:
– ჩაწოდების მომენტში ბურთს ველოდებოდი. მართალია, მცველი შეცდა, მაგრამ მაქსიმალურად მზად ვიყავი, რომ გოლი გამეტანა.
– რა მიზანი აქვს საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევზე?
– რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა. ჩვენთვის სახელები და გვარები არაფერს ნიშნავს, ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ და ელიტ-რაუნდში ღირსეულად გავიდეთ.
ახალგაზრდა ფეხბურთელთან თბილისის “დინამოზეც” ვისაუბრეთ.
– როგორ შეაფასებდი პირველ გუნდში დებიუტს და რას ფიქრობ ეროვნულ ლიგაზე?
– ჩემპიონატი, მართლაც რომ, კარგი და დაძაბულია. რაც შეეხება ჩემს დებიუტს, მადლობას ვუხდი კახა კაჭარავასა და მთლიანად “დინამოს” ნდობისათვის. აქ ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. დიდი პატივია დედაქალაქელთა პირველ გუნდში თამაში.
– როგორი დამოკიდებულება აქვთ უფროს ფეხბურთელებს შენისთანა ახლაგაზრდების მიმართ?
– ძალიან კარგი დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ. ცდილობენ, გვასწავლონ ყველაფერი, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.