“ტორპედომ” “სამტრედია” დაამარცხა და “დინამოსთან” არსებული სხვაობა შეინარჩუნა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ცენტრალური მატჩი ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” ადგილობრივ “ტორპედოსა” და “სამტრედიას” შორის შედგა. აქამდე ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იყო. პრინციპულ დაპირსპირებაში ანგარიში მე-13 წუთზე მას შემდეგ გაიხსნა, როცა “ტორპედოელებმა” აუტი მოაწოდეს და მეკარესთან ერთი ერთზე დარჩენილ თორნიკე კაპანაძეს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.
70-ე წუთზე “სამტრედიას” ცენტრალურ მცველებს გიორგი ქიმაძე გაექცათ, მან ბურთი საჯარიმოში მიიღო, კაპანაძეს “უპასა”, რომელსაც ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია. საბოლოოდ, ქუთაისლებმა სწორედ კაპანაძის დუბლის წყალობით ანგარიშით, 2:0 მოიგეს.
“ტორპედომ” ამ გამარჯვებით “დინამოსთან” არსებული სხვაობა, ანუ ოთხი ქულა შეინარჩუნა. მას 67 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა. ხოლო, “სამტრედია” მის დღევანდელ მეტოქეზე ერთი საფეხურით და ექვსი ქულით უკანაა.