გვარდიოლა: “ნებისმიერს შეუძლია “მანჩესტერ სიტის” დამარცხება”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “არსენალთან” მოგებული მატჩის (3-1) შემდეგ ჟურნალისტებთან “ქალაქელთა” ამჟამინდელ ფორმასა და მდგომარეობაზე ისაუბრა.
“მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა გუშინ, წარსულში. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მომდევნო დღეს კი ჩვეულებრივ მატჩში დამარცხდე – ასეთია ფეხბურთი, კალათბურთი და ზოგადად სპორტი. ნებისმიერს შეუძლია ჩვენი დამარცხება.
ყველა შენს მეტოქეს უნდა შენი დამარცხება. “არსენალმა” მაქსიმალურად სცადა ეს, რისთვისაც ქებას იმსახურებენ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მთავარია უფრო მეტად მოვინდომოთ მოგება, ვიდრე ადრე.
გასულ სეზონში დიდი ექვსეულის გუნდებთან, თუ არ ვცდები, ორჯერ მოვიგეთ – ერთხელ “ოლდ ტრაფორდზე”, ერთხელაც აქ, “არსენალის” წინააღმდეგ. წელს კი სიტუაცია ჩვენს სასიკეთოდ არის შეცვლილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რიტმი შევინარჩუნოთ,” – აცხადებს გვარდიოლა.