მერაბ დვალიშვილი: “UFC-ში ჩემ ადგილს დავიმკვიდრებ!”
შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა გასულ ზაფხულს რაუფეონ სტოტსის 10 წამში ნოკაუტით დამარცხებით UFC-ის საგზური მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი UFC-ში პირველ ბრძოლას 10 დეკემბერს, ფრენკი საენსთან გამართავს.
Fanebi.Com დვალიშვილს აშშ-ში დაუკავშირდა და მას მომდევნო შეხვედრასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
– თავდაპირველად, UFC-ში გადასასვლელ ბრძოლაზე მოგვიყევით, რომელიც ძალიან მალე დასრულდა. რა გითხრათ, დანა უაითმა შეხვედრის დასრულების შემდეგ?
– შეხვედრის ასე მალე დასრულებას, თანაც ასეთი ეფექტური ნოკაუტით არავინ ელოდა. დანა უაითი გაოცებული იყო. როგორც მან მითხრა, ჩემს შესახებ ბევრს უყვებოდნენ და ჩემზე კარგი წარმოდგენაც ჰქონდა. თუმცა, ფიქრობდა, რომ მის ფავორიტტთან ანუ ჩემს მოწინააღმდეგესთან ჩხუბი გამიჭირდებოდა. ბრძოლის შემდეგ მომილოცა და მითხრა, ძალიან კარგი მებრძოლი ხარ და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეო.
– UFC-სთან კონტრაქტი ოქომბერში გააფორმეთ. თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რამდენხნიანია ეს ხელშეკრულება?
– დიახ, ოფიციალურად კონტრაქტს ხელი ოქტომბერში მოვაწერე, მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე შემირჩიეს და ბრძოლის თარიღი გაირკვა. ჯერ-ჯერობით, ხელშეკრულება ოთხ ბრძოლას მოიცავს. დარწმუნებული ვარ, ამ ოთხი შეხვედრის შემდეგ UFC-სთან კონტრაქტს გავახანგძლივებ და ბევრ ბრძოლას გავმართავ. ჩემი ბრძოლის სტილი ერთფეროვანი არ არის. ამერიკაში მოსწონთ ჩემი შეხვედრების ყურება, ამიტომ ვიცი, რომ UFC-ში ჩემს ადგილს დავიმკვიდრებ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოვადგენ. შევეცდები, UFC-ის მაყურებელს საქართველო გავაცნო.
– რას გვეტყვი UFC-ში შენს პირველ მეტოქე ფრენკი საენსზე?
– ძალიან კარგი მებრძოლია და მას როგორც ძლიერ მოწინააღმდეგეს, ისე ვაფასებ. ბევრი ძლიერი მხარე აქვს. წარსულში თავისუფალი სტილით მოჭიდავე იყო და ფიზიკურად ძლიერია, ამიტომ შეტევაზე ყოველთვის თვითონ გადმოდის. სწრაფი ტემპი აქვს, არ იღლება და კარგი გამძლეობით გამოირჩევა. თუმცა, წაგებაზე ერთი წამითაც არ ვფირობ. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ, მოსაგებად კი ყველაფერს გავაკეთებ.
– UFC-ში გასამართი ბრძოლისათვის მზადების პროცესი როგორ მიმდინარეობს?
– ძალიან კარგად ვვარჯიშობ. როგორც ფიზიკურად, ისე პრაქტიკულად და ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად ვიტვირთები. ადრე სპონსორი არ მყავდა, ბრძოლებშიც მიზერულ თანხას მიხდიდნენ, ამიტომ მუშაობა მიწევდა. ნიუ იორკში ვცხოვრობ და ვვარჯიშობ, შესაბამისად, ხარჯები დიდია. UFC-ში კარგი ანაზღაურება მექნება და დამატებით მუშაობა არ მომიწევს. მხოლოდ სპორტს დავუთმობ დროსა და ენერგია.
– ფრენკი საენსთან შეხვედრის შემდეგ, რამდენ ხანში უნდა ველოდოთ თქვენს მომდევნო ბრძოლას?
– შემდეგი ბრძოლა ფრენკი საენსთან შეხვედრიდან, დაახლოებით, ორი თვის შემდეგ მექნება. საენსს კალიფორნიაში ვუპირისპირდები, მომდევნო ბრძოლის გამართვა კი ნიუ იორკში მსურს, რადგან აქ ბევრი ქართველი ემიგრანტია და ისინი ბრძოლაზე დასწრებას შეძლებენ.
– დაბოლოს, რას გვეტყვით თქვენს მეგობარ ავთანდილ ხურციძეზე, რომელიც კვლავაც პატიმრობაში იმყოფება?
– სამწუხაროდ, ავთო ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩება. დანაშაულს ვერ უმტკიცებენ, მაგრამ არც ათავისუფლებენ. მას აუცილებლად გაათავისუფლებენ, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში სასამართლო პროცესი არ იგეგმება.