19-წლამდელები ბოსნიელ თანატოლებთან დამარცხდნენ
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. გიორგი ყიფიანის გუნდი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე იუსუფ გაზიბეგოვიჩმა გაიტანა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო, მე-17 წუთზე მსაჯმა მასპინძლებს კაცი გაუგდო, თუმცა უპირატესობის გამოყენება არ მოხერხდა. ყველაზე რეალური მომენტი ბექა ქავთარაძეს შეექმნა მეორე ტაიმში, თუმცა მისი თავური მეკარემ მოიგერია.
67-ე წუთზე წითელი ბარათი უკვე გიორგი კუციას უჩვენეს, რამაც ბოსნიელებს თავდაჯერება შემატა და მატჩის მიწურულს მათ გამარჯვების გოლიც გაიტანეს.
გიორგი ყიფიანმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, კუცია, ქოჩორაშვილი (კვარაცხელია 90), დარცმელია, ზარიძე (დავითაშვილი 65), ნინუა, ქავთარაძე (ინჯგია 83).
ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა 7:0 დაამარცხა ანდორა. მეორე ტურში, 11 ნოემბერს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ანდორას დაუპირისპირდება, საფრანგეთი კი – ბოსნიას.
სფფ-ის პრესსამსახური