ფუტსალის ლიგის II ტურის შეხვედრებს ქუთაისი უმასპინძლებს!
11 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლე, ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის, პირველი წრის, მეორე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.
ფუტსალის ლიგის პირველი იმერული სათამაშო დღე 13:00 სთ-ზე აიღებს სტარტს. გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, აგორა აფხაზეთს დაუპირისპირდება.
15:00 სთ-ზე გაიმართება ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუ-თელასი დაუპირისპირდებიან. წინა სეზონში ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელიც ბათუმში გაიმართა, მოულოდნელად ბსუ-ს გამარჯვებით 8:5 დასრულდა, შესაბამისად მოქმედი ჩემპიონი, ფავორიტის სტატუსის დამტკიცებასთან ერთად, რევანშის აღებასაც შეეცდება.
სერიოზული გამოცდა ელის ლიგის დებიუტანტს, კოლხი-გულრიფშს, რომლის მეტოქეც, ვიცე-ჩემპიონი, ტატიშვილი იქნება. მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, „მედიკოსები“ წლევანდელი სეზონის ფავორიტთა სიაში მოიაზრებიან. ეს შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება.
19:00 სთ-ზე, მასპინძლის სტატუსით პირველ შეხვედრას გამართავს, კიდევ ერთი დებიუტანტი წყალტუბო, რომელიც შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორ თბილისს დაუპირისპირდება. ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში პირველი ქულებისთვის იბრძოლებს.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.