ნეიმარი: “ფრანგულმა პრესამ ყველაფერი მოიგონა – ემერისთან და კავანისთან პრობლემები არ მაქვს”
ბოლო ხანებში ფრანგულ სპორტულ პრესაში განსაკუთერბით აქტუალურია ნეიმარისა და ედინსონ კავანის, ასევე ბრაზილიელისა და უნაი ემერის ურთიერთობები. როგორც ფრანგები წერდნენ, 25 წლის შემტევს როგორც თანაგუნდელთან, ასევე მწვრთნელთან უთანხმოება ჰქონდა.
ნეიმარმა დღეს აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.
“ფრანგები ბევრ რამეს იგონებენ. ჟურნალისტები ხშირად წერენ ჩემზე, თუმცა ახალ ამბავთა უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება. არ მაქვს პრობლემა არც ჩემს მწვრთნელთან და არც კავანისთან. ვცხოვრობ მშვენიერ ქალაქში, თავს კარგად ვგრძნობ და ვარ მოტივირებული, რომ “პსჟ”-სთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო.”
“როცა აქ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ემერისთან მქონდა შეხვედრა. უნაიმ მითხრა, რომ გვერდში ყველანაირად დამიდგებოდა და სირთულეების დაძლევაში დამეხმარებოდა. ვიცი, გუნდში რა მნიშვნელობა მაქვს და მინდა ყველაფერი გავაკეთო, რასაც მწვრთნელი დამავალებს. არ მინდა, ხალხმა ეს ჭორები და არასწორი ინფორმაცია დაიჯეროს,” – აცხადებს ნეიმარი.