ბონუჩი: “ტოივონენმა 30 წამში ცხვირი გამიტეხა”
იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ შვედეთთან გამართული მატჩის შემდეგ მთავარი არბიტრი, ჯიუნეთ ჩაქირი გააკრიტიკა.
როგორც იცით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფში შვედეთის ნაკრებმა იტალია საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა. იტალიელი ფეხბურთელები არბიტრის მიმართ პრეტენზიას ხშირად გამოთქვამდნენ. პირველივე წუთზე ტოივონენისა და ბონუჩის შეჯახების შემდეგ “მილანის” კაპიტანმა დაზიანება მიიღო, მაგრამ თურქმა მსაჯმა ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათი მხოლოდ ბერგს უჩვენა, რომელიც ჯარიმის დანიშვნას აპროტესტებდა.
“ტოივონენმა მატჩის დაწყებიდან 30 წამში ცხვირი გამიტეხა, ამის გამო, მისთვის წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინათ. ასევე, მსაჯი რამდენიმე ეპიზოდში ფეხბურთელების გაფრთხილებასაც მოერიდა.
ვიცოდით, რომ შვედეთის ნაკრები გრძელი პასებით ითამაშებდა და მეორე სართულზე იბრძოლებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, როცა ბურთი ჩვენ გვქონდა, შეტევაში სწრაფად ვერ მივდიოდით”, – უთხრა ბონუჩიმ Sky Sport Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ იტალიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის განმეორებითი შეხვედრა 13 ნოემბერს “სან სიროზე” გაიმართება.