ამერიკის ქალთა ნაკრების მეკარე: “ბლატერმა საჯდომზე ხელი მომიფათურა”
ამერიკის ქალთა ნაკრების კიპერმა ჰოუპ სოლომ ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. 36 წლის მეკარის თქმით, ეს პიკანტური ეპიზოდი 2013 წლის იანვარში, “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერმეონიის მიმდინარეობისას მოხდა.
“სანამ სცენაზე ავიდოდი, ბლატერმა საჯდომზე ხელი მომიფათურა. შოკში ჩავვარდი, მაგრამ აზრზე მალევე უნდა მოვსულიყავი, რადგან გამარჯვებულისთვის ჯილდო მქონდა გადასაცემი.
რატომ არ ვთქვი ამის შესახებ უფრო ადრე? პრობლემებს პირისპირ თავადვე ვაგვარებ, მაგრამ მას შემდეგ ბლატერი აღარ მინახავს.
ძალზედ იმედგაცრუებული ვარ იმ ქალებით, რომლებიც სპორტში არიან და ასეთ თემებზე ხმას არ იღებენ. კი ბატონო, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ ქალებმა და მით უფრო ფეხბურთში ჩართულმა ქალებმა ამაზე უნდა ისაუბრონ, ვინაიდან ზოგიერთი ასეთი ადამიანი კვლავ მუშაობს ამ სფეროში და სხვებს მათთან შეხება უწევთ. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ სექსუალური ძალადობა მხოლოდ თერთკანიანი მამაკაცების მხრიდან არ მომდინარეობს. ამას ყველგან ვაწყდებით, ქალთა შორისაც კი. მე ეს ნანახი მაქვს”, – აღნიშნა სოლომ “ექსპრესოსთვის” მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ჰოუპ სოლო ამერიკის ნაკრების რიგებში 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2008 და 2012 წლების ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ.
როგორც მოგეხსენებათ, ბლატერმა ფიფას პრეზიდენტის პოსტი 2015 წელს ფინანსური სკანდალის ფონზე დატოვა, მოგვიანებით ის ყოველგვარ საფეხბურთო საქმიანობას რვა წლის ვადით ჩამოაშორეს.